საკრებულოს დეპუტატმა 166-ე საჯარო სკოლის პედაგოგს დედის დღე მიულოცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე 166-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს ნუცა უნგიაძეს ეწვია და დედის დღე მიულოცა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატმა ღვაწლმოსილ ქალბატონს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და საჭიროების შემთხვევაში, გვერდზე დგომასა და დახმარებას დაჰპირდა.
,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა. მე, როგორც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ყოველთვის მზად ვარ თქვენს დასახმარებლად’’,- განაცხადა ლადო ძნელაძემ.
საკრებულოს წევრს ნუცა უნგიაძემ მოლოცვისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პატივისცემა მას აქამდე არასოდეს უგრძვნია. დღესვე ლადო ძნელაძე მრავალშვილიან დედას, სოციალურად დაუცველ ქალბატონს მაია რამიშვილს ესტუმრა და დედის დღესთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,თუ ვინმეს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე, ეს თქვენ ხართ’’,- განაცხადა დეპუტატმა და ოჯახს როგორც ფინანსურ დახმარებას, ასევე საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.