თბილისში მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა

თბილისის არქიტექტურის სამსახური და ინვესტორი კომპანია – შპს „აპოლო გ.ს.“ თბილისში მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის შექმნაზე კონკურსს აცხადებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ განაცხადა, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. კონკურსი ღიაა როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. ნინო ღოღობერიძის თქმით, იმის გამო, რომ მირზა შაფის ქუჩა ძველი თბილისის ნაწილია, მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. ბოლო წლების განმავლობაში თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქუჩის განვითარების არაერთი კონცეფცია წარედგინა, თუმცა, არც ერთი მათგანი მოცემულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. „არქიტექტურის სამსახურისა და ინვესტორი კომპანიის რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის 23 თებერვალს, მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის კონკურსის გზით შერჩევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელს აწერენ თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შპს „აპოლო გ.ს.“-ს წარმომადგენლები. მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, არქიტექტორთა ასოციაციის, „ტფილისის ჰამქრისა“ და შპს „აპოლო გ.ს.“-ს წარმომადგენლები, აგრეთვე, ცნობილი არქიტექტორები და ურბანისტები. კომისიამ შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები“ – განაცხადა ნინო ღოღობერიძემ. მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომისიამ გადაწყვიტა, მოაწყოს საკონკურსო ნამუშევრების საჯარო გამოფენა, რათა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, გაეცნონ წარმოდგენილ ნამუშევრებს და საკონკურსო კომისიას წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები. საკონკურსო ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა და მათი საკონკურსო კომისიის სხდომებზე განხილვა იწარმოებს ანონიმურობის პრინციპის დაცვით, ხოლო კონკურსში მონაწილე ესკიზური პროექტების ავტორების ვინაობა ცნობილი მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ გახდება.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 საუკეთესო ესკიზური პროექტი. I, II და III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოს სახით 20 000, 7 000 და 3 000 აშშ დოლარი გადაეცემა. ესკიზური პროექტების მიღება კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. საუკეთესო საკონკურსო კონცეფციის საფუძველზე თბილისის არქიტექტურის სამსახური დაამუშავებს განაშენიანების რეგულირების გეგმას და გასცემს შესაბამისი მშენებლობის ნებართვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები