ადლიის ნაპირგამაგრება დასრულებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილმა „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ადლიის ნაპირგამაგრება დაასრულა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი სსიპ „აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს“ დაკვეთით განხორციელდა. ადლიის განახლებული სანაპირო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, შპს „სახელმწიფო სამშნებლო კომპანიის“ დირექტორის მოადგილემ, ირაკლი კუპრავამ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერეს.
აჭარის სანაპირო ზოლის ადლიის მონაკვეთი 2013-2014 წლების სეზონური შტორმების დროს მნიშვნელოვნად დაზარალდა. გამოირეცხა პლაჟი, დაზიანდა ნაპირის გასწვრივ მდებარე ინფრასტრუქტურა – სასეირნო ბილიკის სავალი ნაწილი, დაინგრა ბეტონის საყრდენი კედელი. ამასთან, საფრთხე შეექმნა ზღვის კიდიდან 30-50 მეტრით დაშორებულ საავტომობილო გზას, რომელზეც, დღე-ღამეში, საშუალოდ, 6000-მდე მანქანა მოძრაობს. პროექტის ფარგლებში, ადლიაში 1 კილომეტრამდე სიგრძის სანაპირო ზოლი გამაგრდა: აშენდა ქვანაყარი ბერმა, რომლის შრეებიც ისეა დაგეგმილი, რომ შტორმმა ნაგებობის გამორეცხვა ვეღარ მოახერხოს. განხორციელებული სამუშაოები მოხსნის პრობლემებს, რომელიც ადლიის სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე წლების განმავლობაში არსებობდა, სანაპიროს შეუნარჩუნებს პლაჟს და განაპირობებს მიმდებარე გზაზე მოძრავი მანქანების უსაფრთხოებას. პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5,3 მილიონი ლარი შეადგინა. სამუშაოებზე 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები