საკრებულოში თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გამწვანების საკითხები განიხილეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გამწვანების ღონისძიებებს ეხებოდა. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა, კერძოდ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის დაწესებისა და სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარეების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადების საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეები ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ ერთწლიან დეკორატიულ მცენარეებს, რაც გაცილებით ნაკლებ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.
ბიძინა გიორგობიანმა დეპუტატებს ასევე დენდროლოგიურ პარკში დღეის მდგომრეობით არსებული ვითარება გააცნო.
კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა დეპუტატებს ასევე საბურთალოს რაიონის რიგ უბნებში სკვერებისა და გამწვანების ტერიტორიების გაშენებისა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ განსახორციელებელი სხვა საკითხები წარუდგინა. კომისიის სხდომაზე განხილული ყველა საკითხი დადებით იქნა შეფასებული, რომლებიც ბიუროს სხდომაზე იქნება გატანილი შესათანხმებლად.
სხდომას მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის გარდა, ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტები, თამარ ჯაფარიძე და შალვა გაბუნია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები