კულტურის მინისტრს ვადები არ დაურღვევია,- აცხადებს ფეისბუქის ინტერნეტგამოცემა
სულ ახლახან სოციალურ ქსელებში პირველი ფეისბუქ-გაზეთი სახელად ,,კულტურა – კედლის გაზეთი“ გამოჩნდა, რომელიც ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესებს გააშუქებს. მას რამდენიმე ავტორი ჰყავს და ავტორებს შორის არიან ჟურნალისტები: ანზორ ბახტურიძე, დავით გელაშვილი და ირინა თავაძე.
,,კვირასთან“ საუბარში ირინა თავაძემ განაცხადა: ჩვენი კედლის კარი ღიაა და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს, რომ დაწეროს სიმართლე, თუ რა ხდება თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში, ვიწვევთ – შემოგვიერთდნენ. რა თქმა უნდა, გვაქვს კრიტიკული სტატიებიც, მაგრამ ისინი არავითარ შემთხვევაში ცალმხრივი არ იქნება. ანზორ ბახტურიძის სტატიამ საიას იურისტ, სულხან სალაძეზე, ჩვენი აზრით, სიმართლეს ახადა ფარდა… მას შემდეგ, რაც მარინე მიზანდარი გაათავისუფლეს, მისი მეგობარი იურისტი, რომელიც ამავე დროს საიას იურისტია, ამტკიცებს, რომ კულტურის მინისტრმა წერილებზე მითითებული ვადები დაარღვია. ჩვენ გამოვიძიეთ და აღმოჩნდა, რომ არაფერია დარღვეული. ორივე წერილს ვადებში გაეცა პასუხი. რაც მეტი ადამიანი წაიკითხავს ამ სტატიას, მით უფრო გავრცელდება სიმართლე. სხვაგვარად ჭორის ფსკერზე აღმოვჩნდებით ჩვენც და ქვეყანაც.”