მეწარმეობის განვითარების სააგენტო კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ექსპორტის მენეჯერთა გადამზადებას იწყებს
2015 წლის 2 მარტს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი Certified Export Manager (CEM) იწყება.
მეწარმეთა განვითარების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2 მარტს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, კურსს ოფიციალურად გახსნიან მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
პირველი ლექცია 2 მარტს, 18:30 საათზე ჩატარდება, რომელსაც ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებში დასაქმებული სპეციალისტები დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი კომპანიების მიერ გამოხატული დიდი ინტერესიდან გამომდინარე ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ორ რაუნდად გაიმართება და ჯამში 40 ექსპორტიორი კომპანიის თანამშრომელი გადამზადდება.
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით ჩატარდება 2-27 მარტის პერიოდში. პროექტის მიზანი ექსპორტის სერტიფიცირებული მენეჯერების მომზადებაა, რომლებიც ექსპორტის განხორციელების მიმართულებით შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შეიძენენ. ექსპორტიორი კომპანიების წახალისების მიზნით კურსის საფასურის 60%-ს მეწარმეობის განვითარების სააგენტო დააფინანსებს. კურსის პროგრამა მორგებულია ექსპორტიორი კომპანიების საჭიროებებზე და ფოკუსირებას ახდენს ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ექსპორტის ტერმინოლოგია, ხარისხის ინფრასტრუქტურა, მარკეტინგი და ეტიკეტირება, ბიზნესკომუნიკაცია და გაყიდვების უნარი, საერთაშორისო გამოფენების მოწყობა, ბაზრის კვლევა, საქონლით ვაჭრობა DCFTA-ს ფარგლებში, ბიუჯეტირება ექსპორტისათვის, ექსპორტის ლოგისტიკა.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოხდება ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების თანამშრომლების ცოდნის და უნარების გაუმჯობესება საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. კურსის მიმდინარეობის პროცესში დამყარდება კავშირები ექსპორტის მენეჯერებს შორის და მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.