კობა ჭუმბურიძე – საინტერესო დროში ვიცხოვრე და საინტერესო ამბები დამიგროვდა

მის საოჯახო ფოტოარქივს გადავხედე.  ხის  ყუთში მოკალათებულმა  ხუჭუჭთმიანი ონავარი ბიჭის ფოტომ  მიიქცია  ჩემი ყურადღება. აქ ერთი წლის ვარ, ლიმონათის ყუთში ვზივარ  – ჩემთან ერთად იღიმება ბატონი კობა.


საინტერესო დროში ვიცხოვრე და საინტერესო ამბები დამიგროვდა. – იტყვის ცოტა ხანში  პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, მხატვარი, სატირიკოსი,  კობა  ჭუმბურიძე  და მისი  თაობის მიერ  განვლილი ნარეკლიანი გზის  აღსაწერად
 გაღმერთებული ბრძენკაცის სიტყვებს  მოიშველიებს:  „კონფუციმ კი თქვა – უბედურია თაობა, რომელიც საინტერესო დროში ცხოვრობსო“.


ლიმონათის ყუთში მოკალათებული  ხუჭუჭთმიანი  ბიჭუნა. მეღიმება .აშლილი ფიქრი  მძალავს და საუბარს სწორედ  მისი  ბავშვობით ვიწყებ.

საკუთარ  ბავშვობაზე მოგვიყევით.mere-300x300
ნაძალადევში დავიბადე, 1956 წლიის აპრილში. ერთი თვით ადრე, ჩემს მოვლინებამდე, თბილისში 9 მარტის სისხლიანი დარბევა მოაწყო რუსეთმა. მამა აქტიური მონაწილე იყო ამ აქციის და კობაც ამიტომ დამერქვა.

ძალიან  ცელქი გახლდით, მაგრამ თუ საჩემო წიგნი ჩამივარდებოდა ხელში, ისე ვეწებებოდი, რომ დედა ძალად მაგდებდა ეზოში სათამაშოდ.

საჩემო წიგნი  ვახსენე და განვმარტავ ბარემ – ასეთი იყო სათავგადასავლოდან დაწყებული და სამეცნიეროთი დამთავრებული ყველა წიგნი, რომელიც საინტერესოდ მეჩვენებოდა.

 

ერთხელ, მოსწავლეთა სასახლის ბიბლიოთეკაში ავიღე წიგნი „არიელი“ (მფრინავ ადამიანზე) და იქ მეგულებოდა ასევე „ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდი“. გამოტანილი წიგნის კითხვა რომ დავასრულე, ბიბლიოთეკა უკვე დახურული იყო და მეორე დღემდე ვერ გამოვცვლიდი. აი ის დღე იყო ყველაზე გრძელი და გაუთავებელი ჩემს  ცხოვრებაში.  არდადეგებს კი სოფლად ვატარებდი, იმერეთში ვუვლიდი ვენახსა და სიმინდის ყანას, კახეთში მომყავდა კიტრი და პომიდორი, ვნემსავდი თამბაქოს და უამრავი რამ ვისწავლე.  ბაბუები ომმა წამართვა და არ ვიცი ბაბუა რაა. ბებიები  ტრადიციული ოჯახებიდან იყვნენ და ჩემი დედ-მამაც შესაბამისად აღზრდილი. თითქოს ასე პირდაპირ არავის არაფერი უსწავლებია  ჩემთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლად ურიგო ქართველად არ გამზარდეს. პროფესიის არჩევისას   ნაწილობრივ მამას დავუჯერე. მე მხატვრობა მინდოდა, მაგრამ ინჟინერმა მამაჩემმა გადამიბირა და კომპრომისულ ვარიანტზე შევჩერდით, ანუ არქიტექტურაზე ჩავაბარე. ახლა ამ არჩევანის გამო ძალიან ამაყი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორი ვერ გავხდი, ყველა საქმეში, რასაც ხელს ვკიდებ, ძალიან  მეხმარება  ჩემი პროფესიული განათლება, ლექსის წერაშიც კი.

 

პირველი ლექსი
პირველი ლექსი გაგარინის კოსმოსში გაფრენასთან დაკავშირებით გამოვთქვი. ლექსი სატირული ჟღერადობისა იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სატირიკოსობას და პოეტობას  იმ ლექსით ჩაეყარა საფუძველი. ორი წლის შემდეგ კი ტელევიზიაში მიმიწვიეს. გადაცემის წამყვანი იყო ქართული ტელევიზიის ლეგენდა ლია მიქაძე. მაშინ ერთადერთი არხი იყო და ყველა იმას მისჩერებოდა. ასე, რომ მეორე დღეს ქუჩაში გავლა გამიჭირდა. ყველა მცნობდა და მეფერებოდა. პოპულარობამ ძალიან  შემაწუხა  და მას მერე ნახევარი საუკუნეა მედიასთან დიდი ხალისით არ ვურთიერთობ.  

mere2-225x300
რა გაწერინებთ?

მართალი გითხრათ, არ ვიცი. ლექსის დაბადება მისტერიული პროცესია. მოგვიანებით  რომ გადავიკითხავ, ხშირად გამიელვებს ეს აზრი – ნუთუ ეს ჩემში იყო? სხვისი დაწერილი მგონია ხოლმე, ისე მეუცხოება.

როგორი გარემო გჭირდებათ წერისთვის?
ღამე ყველას მირჩევნია. ლექსს დიდი კონცენტრაცია სჭირდება, თუმცა რამდენიმე წლის წინ სამსახურში დავდიოდი შორს, დიდი ყვითელი ავტობუსით, რომელიც ნახევარ საათზე მეტს უნდებოდა გზას და პირველი ლექსების კრებული – მეფეთა წიგნი იქ დაიწერა, ტელეფონში ვკრეფდი ხოლმე. შემდეგ რბილი ავტობუსი მოსხნეს მაგ რეისიდან და ჯაყჯაყა პატარა ავტობუსი დანიშნეს. იმაში ვეღარ ვახერხებდი, ძალიან ჯაყჯაყებდა.ეს არის ჩემი სახასიათო სალექსო დამწერლობა, პროზასავით:

აქეთ მო.


რა საოცარი ჩამოწვა ღამე, თვალის მოხუჭვის ნუ გაქვს იმედი. მინდორს ვარსკვლავად აყრია ნამი, ცას ეტოქება სიციმციმეთი,
მომიჯექ, თავი დამადე მხარზე, რომ შენი კოცნის მწვავდეს ცდუნება და ცეტი სიოს გამოქროლვაზე ფოთლის ყოველი გაფაჩუნება გაკრთობდეს, რათა ჩამეკრო მაგრად, მექცე გიზგიზად და ჟრუანტელად, რომ სინამდვილე ამიხდეს ზღაპრად, სულს დაეფინოს ბიბა ფარტენად.
სხივთა არილი განთია თმებზე მთვარეულ ვერცხლით ნაგვირისტალი…
მე შენთან ერთად სასწაულს შევძლებ, წყალზე გავიარ, ფრენას ვისწავლი.
მე შენთან ერთად სამყაროს შევცვლი, სულ სხვა ფერებით ავაფერადებ, გულს ფიანდაზად გაგიგებ ფერხთით, მაღლით დაგხურავ ცაიერადებს.
მე შენთან ერთად სიცოცხლეს შევქმნი და ციხე-კოშკად აღვემართები, ერთსულ და ერთხორც ვიქნებით, როცა ეს ყველაფერი დაგვემართება.
აქეთ მო, თავი დამადე მხარზე, რომ მოფერების მწვავდეს ცდუნება და სიოს ყოველ გამოქროლვაზე შენი კულულის მოლამუნება სუნთქვას მიკრავდეს, სამანს მიშლიდეს მაგ თვალთა შუქის უცხო ჯავარი, რომ ჩაგიკონო მაგრად გულში და ჩურჩულით გითხრა სიტყვა მთავარი – მიყვარხარ…

mere5-223x300

საუცხოო ენით წერთ.
ეს ენა შევიძინე ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევის დროს, ძველი წყაროების კითხვისას. მერე ეს დავიწყებული სიტყვები დამენანა და ლექსებად ვაქციე.მე ქართული საბრძოლო ხელოვნების პრეზიდენტი გახლდით რამდენიმე წელი. 15 წლიანი კვლევა მიეძღვნა ამ დარგს და ახლა წიგნი შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია. იგი ჩემს ვებგვერდზეა გამოკიდებული. წინასიტყვაობა მისთვის პატრიარქმა დაწერა, რითაც ძალიან ვამაყობ.

წიგნის სათაურად რა შეურჩიეთ?
“ზნენი სამამაცონი”, მეფე არჩილის ფრაზაა, ასე მოიხსენია მან იმ დროის სავარჯიშო სახეობანი. მანამდე ეს ფრაზა ვეფხის ტყაოსანშია ნახსენები, როსტევანი ამბობს: ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.

ცნობილი  სატირიკოსი ხართ. სატირიკოსმა ვინმეს მანკიერი,  უარყოფითი ბუნება უნდა ასახოს , ამხილოს. მოგიმდურებიათ ვინმე?
არქიტექტურის პარალელურად დავამთავე მეორადი ფაკულტეტი – ჟურნალისტიკის განხრით. ჩემი  დიპლომი  იყო იმდროინდელი მედიის  სატირული მიმოხილვა. მასალაზე მუშაობისას ცხადია გავეცანი  სატირის ისტორიასაც და საგულისხმო დასკვნაც გავაკეთე, უფრო სწორედ, გავიზიარე – რაც სასაცილოა, საშიში აღარ არის!

ჩვენ  გვყავდა ხელისუფლებები, რომლებიც  გაუცხოებული იყო ხალხთან და  მისი დაშინებით ცდილობდა  საკუთარი სკამის გამყარებას. ბუნებრივია ჩემთვის სატირა ერთ-ერთ მოქალაქეობრივ ვალდებულებად  იქცა და ვცდილობდი, რომ ის საშიში სასაცილოდ  მექცია.

ხშირად ისიც კი უთქვამთ ჩემთვის – ამაზე დროს რატომ ჰკარგავ, სერიოზული ლექსები წერეო. მე კი მგონია, რომ სანამ რომელიმე რეჟიმი მსხვერპლად იწირავს ადამიანებს, ამ დროს ბულბულებიან ბაღში თავის შეფარება არის სამარცხვინო დეზერტირობა. მომიმდურებია, კი. 25 წელი ყველა ხელისუფლება მემდურებოდა და ზოგი ფიზიკური ანგარიშსწორებითაც მემუქრებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, მათზე ძლიერი რაღაც ძალა თვლის, რომ მართალი ვარ.

mere3-213x300პოლიტიკურმა ძვრებმა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი განცდა გააჩინა, თითქოს დრო გადახტა. როგორ შეეგუეთ ამ ნახტომს?
პოლიტიკურმა ძვრებმა ჩვენს ცხოვრებაში ძალიან გამაწბილა. ორასწლიანმა პაუზამ სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით ძალიან დაგვიკარგა პასუხისმგებლობის გრძნობა. წარმოიდგინე, სააკაშვილი რომ ჰოლანდიაში რაღაც ფოკუსებით პრემიერი გამხდარიყო, ხომ ვერაფერს დააშავებდა? ესე იგი ჩვენშია ყველა სიგლახის სათავე. მე ვთვლი, რომ კი არ გადახტა დრო, არამედ კარუსელზე ტრიალებს. სულ ცოტა, 20 წელი გვაქვს დაკარგული თავისუფლების 25 წლიდან.

რაში  ხედავთ გამოსავალს?
საზოგადოება გამოცდილებას იძენს. ბიბლიაში ამისთვის 40 წელია ნახსენები, რომ მონობაში ყოფნიდან აღთქმულ ქვეყანაში შესვლამდე ამდენი  დროა საჭირო, ანუ მთელი თაობა  უნდა გავიდეს თამაშიდან თავისი ბეჩავი სტერეოტიპებიანად. მოვა ახალი თაობა  და ბევრი რამ სწრაფად გასწორდება. ახალ თაობაში იმათ არ ვგულისხმობ, მიშას კარზე კუდის ქიცინით ან სხვა სიტურფეების წყალობით რომ აღზევდნენ.ჩვენი შვილების თაობა ჩვენ ბევრად გვჯობია. უბრალოდ აქამდე წესიერებას ასპარეზი ფრიად შეზღუდული ჰქონდა და ახლა გამოჩნდებიან ნელ-ნელა ახალი სახეები.


ვინ ადგენს დღეს  ვინ ნამდვილი პოეტია,  ვინ მწერალი ?
მიუხედავად იმისა, რომ ორასიოდე ლექსი დავწერე, ექვსასამდე ლექსი ვთარგმნე  80 ენიდან  და  აგერ ახლა საბავშვო კრებულზე მუშაობაც დავასრულე, ლიტერატორის ცხოვრებით არ ვცხოვრობ. ეს ჩემი  ჰობია მხოლოდ. ამიტომ ჩემი პასუხი საიმედო ვერ იქნება, თუმცა ერთს კი ვიტყვი – დღეს საქართველოში თვითმარქვიობა ჯერ  კიდევ გადის. გვყავს თვითმარქვია პოლიტიკოსები, თვითმარქვია ექსპერტები, თვითმარქვია  რესპუბლიკებიც კი გაჩნდა  ჩვენს მიწაზე და რაღა გასაკვირია, რომ თვითმარქვია პოეტებიც მომრავლებულიყვნენ.  საქართველოშიც და ყველგან არსებობდა მედროვე და კარის პოეტები, მაგრამ საზოგადოება იცვლება და  მედროვეთა სანავარდოც შაგრენის ტყავივით ვიწროვდება.  დაე ყველამ დროს ჩააბაროს გამოცდა.
აი მე სახელიც არ ვიცი იმ კაცისა, ვინც ეს ჟრუანტელა ლექსი დაწერა:
“ მინდორთა მამშვენებელო, ვარდო გაშლილო ველადა,
სად  მოიცალა იმ ღმერთმა შენი  თვალ-წარბის  წერადა,
ვინ მისცა საწერ-კალამი, მოგხატა ათასფერადა”.
მაგრამ არიან  პოეტები, ვისი სახელიც ვიცით, მაგრამ არ გვახსოვს, თუ რა  დაწერეს.

mere6-225x300რა შეგიძლიათ გვითხრათ ლიტერატურულ ვებვერდებზე? როგორ ფიქრობთ, რა დადებითი და უარყოფითი თვისება აქვს გაციფრებულ ლიტერატურას?

მე დიდი ხანია ვებგვერდზე შევაჩერე არჩევანი.  ყველაფერი იქ მაქვს გამოქვეყნებული. ქაღალდზე  მხოლოდ ერთი პატარა ლექსების წიგნი არსებობს, ისიც  მეგობრების ინიციატივითა და  დაჟინებით გამოცემული.

ჩემს ვებგვერდებს  200 000-მდე მონახულება დაუგროვდათ, მაშინ, როცა ქაღალდის წიგნის კარგ ტირაჟად 1000 ცალი ითვლება.
თან ახლახანს სადღაც წავიკითხე, რომ სულ მოსახლეზე წიგნის გამოცემით პირველ ხუთეულში ვართ.   აი სულ მოსახლეზე წიგნის გაყიდვა რომ შეისწავლონ, ვინძლო ბოლო ხუთეულშიც აღმოვჩნდეთ.  ჩემთვის თიხის ფირფიტაც წიგნია, ტყავზე ნაწერიც, პაპირუსიც, ქაღალდიც და ელექტრონული საკითხავი  მოწყობილობაც. მომავალი ცხადია ელექტრონული ბიბლიოთეკისაა.


საბავშვო ლექსებს წერთ. როგორ შევაყვაროთ პატარას წიგნის კითხვა?
ჩემდა გასაოცრად, ჩემს უფროს შვილიშვილს ძალიან  უყვარს წიგნი. საგანგებო ღონისძიებები  და  თავსმოხვევა არა მგონია საჭირო, მაგრამ როგორც მე მიწებებდა საჩემო  წიგნი, ასეთი პირობები  უნდა შეუქმნა ბავშვსაც. ანუ, შენი  საყვარელი წიგნი კი არ  უნდა  შეაჩეჩო, არამედ შეიყვანო წიგნის მაღაზიაში და მასთან ერთად არჩიო მისთვის მოსაწონი  წიგნი. სასტიკ ოთხმოცდაათიანებში, როცა ჩემს  შვილს წიგნისთვის ფული არ ჰყოფნიდა, მიუგნია გამყიდველისთვის, რომელიც იბრუნებდა წაკითხულ წიგნს  და ახალს აძლევდა შედარებით იაფად.  დოჩანაშვილის „კარცერ-ლუქსი“ კი მოზრდილ ხეპრეთათვის არ იქნებოდა ურიგო.

როგორ ფიქრობთ, ქინდლმა  იძლება მომავალში წიგნ ჩაანაცვლოს?
პირველი კომპიუტერი რომ ვნახე, მაშინ უკვე ვიცოდი, რომ წიგნს ეს მოწყობილობა ჩაანაცვლებდა მალე. წარმოიდგინე,რომ ჯიბეში გიდევს თხელი წიგნი, რომელშიც ყველა წიგნი ეტევა ერთად. უბრალოდ მთელი ეს დრო სკრიპტის დახვეწას დასჭირდა. მხოლოდ ახლახანს დაიწყო ელექტრონულმა საკითხავმა ფურცელზე დაწერილის ხარისხის გამეორება, მანამდე დამღლელი იყო ამ ფორმატში კითხვა.

არსებობს მოსაზრება თითქოს  ბავშვშვისთვის  ქინდლიდან  სწავლა მავნებელია.
 ქინდლს რაც შეეხება, ეს მოწყობილობა თუ დასავლეში აპრობირებულია, დარწმუნებული ვარ ათასი კუთხით არის გამოკვლეული და იქ ასევე განვითარებულია არასამთავრობო სექტორი და ისინი ატეხდნენ ერთ ამბავს, რამე რომ იყოს მიჩქმალული. მე მეგობრების ჯგუფთან ერთად მომიხდა მუშაობა რამდენიმე საბავშვო პროექტზე, ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის კუთხით და მაშინ ვიგრძენი, რომ ამ მხრივაც გვარიანად ჩამოვრჩით. ჩვენი ბავშვები ათასი არაგადამდები დაავადებით იხუნძლებიან, მაგრამ ჯერ ამისთვის ვერ მოიცალეს, როგორც ჩანს. წიგნებიც კი გავაკეთეთ, სადაც პრაქტიკულად არაფრისგან გვაქვს სპორტული ინვენტარი შექმნილი და აღწერილი, მაგრამ წლები გადის და ძვრა არ არის.ასე, რომ ქინდლის მავნეობაზე ბევრად მეტი პრობლემები სხვა მიმართულებით გვაქვს.

 ის რაც ვერ ასწავლეთ შვილებს და აუცილებლად ასწავლით შვილიშვილებს
შვილებს იშვიათად ვხედავდი დატვირთულობის გამო და იმედი მაქვს შვილიშვილებისთვის მეტად  მოვიცლი. თუ რამეს  ვასწავლი, ამას ძალიან ფრთხილად გავაკეთებ, რადგან შესაძლოა, რაც  მე  ცოდნა  მგონია, მათთვის ბალასტი აღმოჩნდეს.mere7-300x212

როდესაც შვილებს  ჩემს საყვარელ წიგნებს ვთავაზობდი, ხშირად გულს ვერ  უდებდნენ  და  ვერც  ის გაეგოთ, მე  რატომ მომწონდა ამგვარი წიგნები.

დრო შეიცვალა და ამას ჩემი  თაობა  ისე სხარტად ვერ ამჩნევს.  ვერ ვიტყვი, რომ აქ ზოგადად თაობათა კონფლიქტთან  გვაქვს საქმე, რადგან ჩემს შვილებს და მე ერთნაირი  მუსიკა მოგვწონს და ერთი და იგივე ჯგუფები. კრიტიკისადმი დამოკიდებულება

სანამ კრიტიკა არ გვექნება, არ გვექნება მსოფლიოს თოთხმეტ სადამწერლო ენათაგან ერთ-ერთის საკადრისი ლიტერატურა. კრიტიკა ლიტერატურული სხეულის მკვიდრი ორგანოა, გინდაც კუჭი დავარქვათ, რომელმაც უნდა  მოინელოს და  დაახარისხოს ლიტერატურული საკვები, ნაწილს ქრესტომათიებში მიუჩინოს ადგილი და ნაწილი სწორი ნაწლავისკენ  მიმართოს.

თვითონ თუ გაგიკრიტიკებიათ ესა თუ ის პოეტი ან მწერალი.
მე არ მაქვს ამის საკმარისი კომპეტენცია. კრიტიკა ისეთივე პროფესიონალიზმს მოითხოვს, როგორც სხვა დარგები.

თუმცა, მიზეზთა გამო ჩემს ფოსტაში ხშირად მხვდება თხოვნა  შევაფასო ლექსი თუ ნოველა.

მეც გულწრფელად ვეუბნები, რასაც ვფიქრობ, თუმცა კი ვაფრთხილებ, რომ შორს ვარ ე.წ. ლიტერატურულ დინებათა ცოდნისაგან და შესაძლოა არასწორი რჩევა მივცე.

მიხარია, როცა მკაცრად გაკრიტიკებული ადამიანი  განმეორებით მომმართავს ჩემი  აზრის გასაგებად. შემოქმედი, რომელიც კრიტიკის გამო  იბუტება, საკუთარ შემოქმედებას  აყენებს გამოუსწორებელ ზიანს.

რა აზრის ხართ ლიტერატურულ კონკურსებზე?
ჩემი  აზრით ობიექტურობაში გვარიანად  სცოდავენ, თუმცაღა, იმასაც  ვიტყვი, რომ  უმაგათოდ ლიტერატურული ცხოვრება საერთოდ ჩაკვდებოდა. ასე, რომ რაც მეტი, მით უკეთესი.

კიდევ გაქვთ საყვარელი საქმე,  ეს არის მხატვრობა.  გამოფენებში თუ იღებთ მონაწილეობას.
არა. სამოცდაათამდე პორტრეტი მაქვს დახატული, რომლებიც „დედნებს“ აქვთ სახლებში. დანარჩენი  – დიზაინია.mere9-291x300

გამოფენისთვის მათი თავმოყრა გარკვეულ ძალისხმევას  მოითხოვს და მე  კი მირჩევნია ეს  დრო ახლის შექმნას  მოვახმარო.

განა იმის თქმა მინდა, რომ გამოფენები არ  უნდა  აკეთონ  მხატვრებმა. მე არ ვთვლი თავს მხატვრად  და, შესაბამისად, გამოფენა  ჩემი  ხატვის ლოგიკური ფინალი არ არის.

წარმატების რეცეპტი.
ჩემს დაკარგულ თაობას ქვეყნისა და ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა ხან საით მოისროდა და ხან  საით. არ გვქონდა პროფესიული სრულყოფის საშუალება და რასაც იმჟამად უმთავრესად მივიჩნევდით, იმას მივაწყდებოდით ხოლმე.

ამიტომ, თუ უფლება  მაქვს წარმატების რეცეპტზე საუბრის, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მე  ამის ცუდი მაგალითი ვარ.

წარმატების მიღწევის მოსურნემ მთლიანად  უნდა  უარჰყოს ჩემი  გზა და ეცადოს თავაუღებელი შრომით მიაღწიოს პროფესიულ დაოსტატებას მისი  ნიჭისა და  შესაძლებლობების ფარგლებში.

მომავალი პროფესიონალებს  ეკუთვნით. ზემოთ ვთქვი და გავიმეორებ – თავაუღებელი შრომა. ეს ძალიან მკაცრად ჟღერს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამგვარ შრომას  მოაქვს ნაყოფი, რომელიც წვალებას  მრავალწილად ანაზღაურებს.

გურამიშვილს აქვს კარგად ნათქვამი – დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსა, ძის სიხარული დაჰკარგავს  ილაოს მსგავსსა სენებსაო.

სხვა ინტერესი , ჰობი.
რაკი დასვენების ნიჭი  არ  მებოძა, ერთი საქმიდან  მეორეზე გადართვას ვეძახი დასვენებას. ამიტომ ჩემი ჰობი ხან  სათამაშოს კეთებაა, ხან ტექნოლოგიური ხაზის დახვეწა და ხან ბენგალურიდან  თარგმნა. ჰობი  ჰობია  და დიდი პროფესიონალიზმი  მას არ მოეთხოვება. ამდენად, ყველა  სფეროში ლაღად ვგრძნობ თავს.

შემომქედებითი ოცნება.
ოცნებად მაქვს რომანის დაწერა, მაგრამ როგორც შევატყე, ამას დიდი სიმყუდროვე უნდა, რასაც უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ.mere8-300x194

საკუთარ თავთან ხშირად დასმული კითხვა.
ჩემივე ლექსის ნაწყვეტით გიპასუხებთ:

წლები წინ მიმაქანებს, ფიქრი უკან მეწევა, რაც დრო წამომეწევა, უფრო ხშირად მეწვევა კითხვა გაუბედავი, გარნა გაუხუნარი – რა ხნითა ვარ ნეტავი წუთისოფლის სტუმარი.

მომავლის გეგმები.
ჩემს ასაკში სერიოზული გეგმების დასახვა ნამეტანია. ბეჯითად კი ვიმუშავებ, რადგან ცოდნის დაგროვებას ის აზრი აქვს მხოლოდ, რომ მისი  გაზიარება  მოასწრო. რამდენიმე წიგნი მოითხოვს სარედაქციო დამუშავებას და მათ  დასრულებას ვეცდები.

რას ეტყოდით თქვენს მკითხველს.  
დაახლოებით ერთ თვეში შესაძლოა მზად იყოს ჩემი საბავშვო ლექსების კრებული, ჰოდა მეც მის მკითხველს მივმართავ:
გენაცვალოთ კობა ბაბუ!

ბებომ მომცა ორი მსხალი,
დამიმატა ორი პაპამ,
ერთი ლაშამ შემისანსლა,
ერთი თიკომ, ერთი – საბამ.
ერთი თავად შევსლუპე და
მეკითხება კობა ბაბუ –
სულ რამდენი მსხალი დაგრჩა?
ვუპასუხე – დამრჩა ფაფუ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები