რა დაწვეს ოდესელებმა რუსეთის საკონსულოსთან
მრავალათასიანმა საპროტესტო მსვლელობამ ოდესაში, ადგილობრივების გარდა, უკრაინის სხვადასხვა რაიონის მკვიდრებიც, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გააერთიანა. აქციის მონაწილეებმა გაგარინის მოედანზე, რუსეთის საკონსულოს შენობასთან იანუკოვიჩის ფიტული სიმბოლურად დაწვეს. ის წითელი საღებავებით იყო შეღებილი.
„წითელი საღებავები სიმბოლურად ევრომაიდანზე გარდაცვლილი ადამიანების სისხლია. პუტინის ხელისუფლებას მოუწევს, პასუხი აგოს ამდენ დანაშაულზე! ეს აქცია მშვიდობიანია, მაგრამ იმედი გვაქვს, შევძლებთ, არააგრესიული გამოსვლებით მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ არ გვინდა რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრება და მკაცრად ვეწინააღმდეგებით პუტინის მცდელობას, დაიმკვიდროს მსოფლიო დიქტატორის სახელი“! – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. მომიტინგეებმა საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრაც ითხოვეს, თუმცა დიპლომატიური სამსახურის არც ერთი თანამშრომელი მათთან შესახვედრად არ გამოსულა.
აქციის მონაწილეებმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მემორანდუმის ტექსტი მიიღეს, რომელსაც ხელი 20 ათასზე მეტმა ოდესელმა მოაწერა.