პუტინი მერკელის შეთავაზებას დათანხმდა
რუსეთის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელის შეთავაზებას დათანხმდა. მერკელის შეთავაზების თანახმად ყირიმში განვითარებული მოვლენები ეუთოს ეგიდით შექმნილმა საგამოძიებო ჯგუფმა უნდა გამოიძიოს, – მერკელისა და პუტინის შეთანხმების შესახებ ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის გეორგ შტრატერის განცხადებით, პუტინი ყირიმში სიტუაციის განმუხტვისთვის პოლიტიკურ დიალოგზე თანახმაა. ამ დროისათვის დაზუსტებული არაა, თუ კონრეტულად რა ფორმატში იმუშავებს ჯგუფი. ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას პუტინი საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაში და სამხედრო ინტერვენციაში დაადანაშაულა. გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოსთხოვა. მერკელსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი წუხელ გვიან ღამით შედგა.