„დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“

  საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია დოკუმენტური ფილმის “დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“ ჩვენებასა და დისკუსიას აწყობს. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი: „დიდი საბჭოთა ტერორი: ადამიანური ისტორიები“ სტალინის მმართველობის პერიოდში რეპრესირებული ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ისტორიებს ასახავს. დისკუსიას გაუძღვება ირაკლი ხვადაგიანი – საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი. ფილმის ჩვენება ბათუმში, 5 მარტს, 17 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (დიდი დარბაზი) გაიმართება. „დიდი ტერორი“ – 1934-1938 წლებში სტალინის მიერ განხორციელებული რეპრესიების იმ ტალღას ეწოდება, რომელმაც კულმინაციას 1937 წელს მიაღწია. ეს სახელი, ზოგადად, შეიძლება აღნიშნავდეს სტალინის მმართველობის წლებში განხორციელებულ რეპრესიებს. აღნიშნული ტერმინები მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც 1968 წელს ცნობილმა ბრიტანელმა ისტორიკოსმა რობერტ კონკვესტმა გამოაქვეყნა წიგნი სათაურით: „დიდი ტერორი: სტალინური წმენდა ოცდაათიან წლებში“. ფილმში ისტორიებს ყვებიან: ირაკლი ციციშვილი, ზაირა არსენიშვილი, ჯინა მიქაძე, თათული მასხარაშვილი, ნანა ყურულაშვილი. შეგახსენებთ, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ახალგაზრდა მკვლევართა და სამოქალაქო აქტივისტთა გაერთიანებაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას. ასევე, შექმნას თავისუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები