მატა ჰარი – ულამაზესი კურტიზანი ქალი, რომელიც ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასაჯეს (ფოტოკოლაჟი)
მატა ჰარი – ეროტიკული ცეკვების შემსრულებელი კურტიზანი ქალი, პირველი მსოფლიო ომის დროს, ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ჯაშუშ ქალად იქცა. მისი გარეგნობის წინაშე მამაკაცები უძლურები იყვნენ, – დაწყებული რიგითი ადამიანებით უმაღლესი თანამდებობის პირებით დამთავრებული.
მის საყვარლებს შორის იყვნენ გერმანიის სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები და იმ დროის გამოჩენილი პოლიტიკოსებიც. 41 წლის ასაკში ის საფრანგეთის წინააღმდეგ წარმოებული შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მისმა ადვოკატმა ყველაფერი იღონა განაჩენის შესაცვლელად, რომ მატა ჰარი სიკვდილით არ დაესაჯათ. მან საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს რაიმონ პუანკარეს მატა ჰარის შეწყალების თხოვნითაც კი მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც მატა ჰარის ადვოკატს მისი გადარჩენის ყველა იმედი ამოეწურა, ახალგაზრდა ქალს სთხოვა, მოეტყუებინა, თითქოს ის ორსულად იყო. ასეთ შემთხვევაში საფრანგეთის სასამართლო მის სასიკვდილო განაჩენს გადაავადებდა, უკეთეს შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს განაჩენი საერთოდ აერიდებინა თავიდან, თუმცა მატა ჰარიმ ასეთ ტყუილზე უარი განაცხადა.
1917 წლის 25 ოქტომბერს, 12 ჯალათმა ის დასახვრეტად წაიყვანა. მან აუღელვებლად შეიხსნა თავისი პალტო, გვერდით მდგომ ჯალათს მიაწოდა და იმ ბოძთან დადგა, სადაც უნდა დაეხვრიტათ. მატა ჰარის უკანასკნელი სიტყვები იყო: “მე მზად ვარ, ბატონებო”.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მატა ჰარის 11 ტყვია დაახალეს. მე-12 ჯალათმა გონება დაკარგა და კურტიზანი ქალისთვის, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს, სროლა ვერ გაბედა. გარდაცვლილი მატა ჰარის სხეულისთვის ნათესავებს არ მიუკითხავთ. ამბობდნენ, რომ მისი ბალზამირებული სხეული პარიზის ანატომიურ თეატრში ინახებოდა, თუმცა 2000 წელს გაირკვა, რომ მისი სხეული იქ აღარ აღმოჩნდა. საზოგადოება დღეს ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ მატა ჰარი, სილამაზისა და დახვეწილობის ერთგვარი სიმბოლო იყო. თუმცა, იყო თუ არა კურტიზანი ქალი ჯაშუში, ეს დღემდე უცნობია.