„ღვთის ხატებას ჩვენში ვაბნელებთ, ვაზიანებთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის წარუშლელია, მისი წაშლა შეუძლებელია” – მეუფე შიო
“იმისთვის, რომ ჩვენში გაიხსნას სასუფეველი ღვთისა, საჭიროა, დავუჯეროთ, მივენდოთ ჩვენს დედაეკლესიას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იმ ბედნიერებამდე, რომ გაიხსნება ჩვენში ყოველივე საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც კი შეიძლება არსებობდეს – ეს არის თანაზიარება ღმერთთან”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას ისაუბრა.
“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეორე კვირას; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
აი, გავიდა ორი კვირა დიდი მარხვისა. შეგახსენებთ, რომ პირველი კვირა ეძღვნებოდა ეკლესიაში მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის საბოლოო გამარჯვებას, დაკანონებას, უფრო სწორად, როდესაც მეშვიდე მსოფლიო კრების მამებმა გამოთქვეს ეკლესიის კრებსითი აზრი, სწავლება იმის თაობაზე, რომ უხილავი ღმერთის გამოსახვა შეიძლება საღებავებით და სხვა საშუალებებით. ამაზე გესაუბრეთ წინა კვირას.
რატომ არის ეს შესაძლებელი? ვინაიდან მოხდა ღვთის განკაცება, ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება. ადამიანი კი, როგორც იცით, ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. აი, სწორედ ამას გვახსენებდა პირველ კვირას ჩვენ წმინდა ეკლესია, ამ დიდ სიკეთეს და სინათლეს – ღვთის ხატებას ჩვენში, რაც არის ჩვენი ბუნების წარუშლელი არსი და საფუძველი.
მე ისიც გითხარით, რომ ნიშანდობლივია ის, რომ დიდი მარხვის პირველი კვირა შეირჩა ამისთვის ეკლესიის მამათა მიერ, ვინაიდან მარხვა – ეს არის სინანულის დრო, სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ხედავ ამ მეორე ნათელ მხარეს, როდესაც ხედავ სიკეთეს, როდესაც გრძნობ მას, როდესაც ხედავ ღვთის წყალობას და სიყვარულს შენდამი, რადგან მხოლოდ ცოდვების და არარაობის დანახვა ადამიანის სულში დამაზიანებელია სულიერი ცხოვრებისთვის და მიჰყავს მოწყინებამდე, სასოწარკვეთილებამდე, სულიერი ძალების პარალიზებამდე.
ამიტომ დიდ მარხვაში, როდესაც უფრო მძაფრად განვიცდით ჩვენს დაცემულობას, ეკლესია გვეხმარება და გვიცავს ამ გადახრისგან, გვახსენებს ჩვენში ღვთის ხატებას და იმას, თუ რა სიმაღლეზე შეიძლება ადამიანი ავიდეს, რისკენ არის მოწოდებული, თუნდაც უკანასკნელი დაცემულობიდან რომ შეუძლია ამაღლდეს ასეთ სიმაღლეზე.
და აი, დადგა მეორე კვირა, რომელსაც ეწოდება გრიგოლ პალამას კვირა. წმინდა ეკლესია მიაპყრობს ჩვენ სულიერ მზერას გრიგოლ პალამას სწავლებისადმი, რომელმაც გასცა პასუხი კითხვას, თუ რა არის ეს ხატება ღვთისა ჩვენში, როგორია ის? მან თქვა, რომ ღვთის ხატება – ეს არის შუქი, სინათლე ჩვენში, მაგრამ არა ფიზიკური შუქი, არამედ სწორედ ეს შუქია, რომლითაც გაბრწყინდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თაბორის მთაზე, როდესაც ფერი იცვალა. ეს არის ღმერთის დიდების შუქი. ხატება ღვთისა ჩვენში არის ამ საღვთო დიდების შუქის სხივი.
ჩვენ ვიცით, რომ ღვთის ხატებას ჩვენში ვაბნელებთ, ვაზიანებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის წარუშლელია, მისი წაშლა შეუძლებელია. ყოველ ადამიანში, მიუხედავად დაცემულობისა, არის ეს საღვთო დიდების სინათლე. სწორედ ეს არის გრიგოლ პალამას სწავლების აზრი.
ის საუბრობს ასევე საღვთო ენერგიაზე, რომელიც სუფევს მუდამ დედამიწაზე. ხატება ღვთისა არის სწორედ ჩვენში საღვთო ენერგია, ანუ მადლი, როგორც ჩვენ მას ვეძახით. ეკლესია როგორც დიდი მარხვის პირველ, ასევე მეორე კვირას გვახსენებს ამ სიდიადეს, რომ მარხვის სარბიელი უფრო ადვილად განვვლოთ, თითქოს გვეუბნება: „აი, ნახე, რა საოცრება მიეცა ადამიანს და რა არის მისი მოწოდება, რისკენ უნდა ისწრაფვოს“.
გრიგოლ პალამა წერს ასევე უმნიშვნელოვანეს რამეს, რომ ადამიანი არის თანაზიარი ღვთაებისა – აი, როგორია ადამიანი, აი, როგორია დანიშნულება ადამიანისა, რომ დაინახოს, რომ ის თანაზიარია ღვთაების და ისე მოაწყოს თავისი ცხოვრება, რომ ეს თანაზიარება განხორციელდეს.
და როგორ უნდა განხორციელდეს? თუკი ადამიანი მიდის იმ გზაზე, რომელსაც ქადაგებს მართლმადიდებელი ეკლესია და რომელზეც მიუთითებს ის თუნდაც წმინდა ეფრემ ასურის ლოცვაში, რომელსაც ჩვენ დიდი მარხვის დროს, ყოველდღე ვკითხულობთ.
სასუფეველი ღვთისა, ძვირფასო ძმებო და დებო, არსებობს ჩვენ გარეთ ობიექტურად, მაგრამ ხომ გახსოვთ, რას ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ასევე: „სასუფეველი ღვთისა თქვენშია“ (ლკ. 17, 21). აი, სწორედ ეს არის თანაზიარება ღვთისა, სწორედ ეს არის განღმრთობა. იმისთვის, რომ ჩვენში გაიხსნას სასუფეველი ღვთისა, საჭიროა, დავუჯეროთ, მივენდოთ ჩვენს დედაეკლესიას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს (თუ ასე მივენდობით და დავუჯერებთ) იმ ბედნიერებამდე, რომ გაიხსნება ჩვენში ყოველივე საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ეს არის თანაზიარება ღმერთთან, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ”, – აღნიშნა მეუფემ.