ლევან მახაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.
ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები, აგრეთვე, საქართველოსთვის ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევები და საფრთხეები.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი – ლუის გრასა, პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ჯევროსიმა პეიოვიჩი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კრისტინ ბლოუერი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი – რობერტო მონტელა.