პრემიერი – “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირებაზე: ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ვიწრო პოლიტიკური მიზანი – სიცრუის გავრცელებისთვის უკეთესი ნიადაგის შექმნა
“ეს არის არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ეს იყო ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც, რაც გადაიდგა ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირის” ეთერში, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიების – “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირდაპირი მიზანი იყო მედიის თავისუფლების ხელყოფა.
“მედია გათავისუფლდა 2012 წლის შემდეგ, დამკვიდრდა მედია პლურალიზმი. ეს ის მიღწევაა, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით და რასაც მომავალშიც უნდა გავუფრთხილდეთ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამ შემთხვევაში უკვე გარე ძალებმა გადაწყვიტეს, უხეშად ჩარეულიყვნენ მედიის თავისუფლებაში. ეს არის, არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ეს იყო ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც, რაც გადაიდგა ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან. მიზანი იყო, ბუნებრივია, პოლიტიკური, ვიწრო პოლიტიკური მიზანი და პირდაპირი მიზანი იყო, რეალურად, ფაქტობრივად, მედიის თავისუფლების ხელყოფა და სიცრუის უკეთ გავრცელებისთვის უკეთესი ნიადაგის შექმნა, ეს იყო რეალური მიზანი, რაც ძალიან მკაფიოდ იკვეთება. ზუსტად იგივე იყო, თავის დროზე, 2007 წელსაც “იმედში” შემოჭრის მიზანი. უნდა აღკვეთილიყო მედია პლურალიზმი და ასეთ პირობებში სიცრუისთვის მეტი გასაქანი იქნებოდა”, – განაცხადა პრემიერმა.