“გამოითქვა მზაობა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდეს ახალი სტრატეგიული შეთანხმება” – ეკა სეფაშვილი
,,აღსანიშნავია, რომ ყველა ეს შეხვედრა მიმდინარეობდა უაღრესად მეგობრულ და თბილ გარემოში და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ შევხვდნენ და მათ შორის სენატორები, კონგრესმენები, სხვადასხვა წარმომადგენელი, საკმაოდ კარგად ფლობდნენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, კარგად ესმოდათ ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ გვქონდა და იცნობდნენ იმ პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების გამოწვევას, რის წინაშეც საქართველო დგას”, – ამის შესახებ ,,ხალხის ძალის” წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა.
როგორც მან აღნიშნა, გამოითქვა მზაობა იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდეს ახალი სტრატეგიული შეთანხმება.
“ეს, რა თქმა უნდა, არის დადებითი მომენტი, იმ თვალსაზრისით, რომ ისინი აცნობიერებენ საქართველოს მდგომარეობას და ამის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილება საქართველო-ამერიკის მომავალი ურთიერთობების შესახებ. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო იმას, რომ საქართველოს 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ეს დამატებით გამოწვევებს ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
აღვნიშნეთ ყველა შეხვედრაზე, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებითი ერთობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ სათანადოდ მაღალ დონეზე განვითარდეს პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან შორის ურთიერთობების განმტკიცებისათვის. შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რაც საქართველოს გააჩნია და აგრეთვე იმ გეოსტრატეგიულ მდებარეობას, რომლითაც საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გეოსტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი უდავოა და ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთთანამშრომლობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას”, – განაცხადა სეფაშვილმა.