კოლაუ ნადირაძის დაბადების დღე და „ფიქრი კრწანისზე და მანანა ორბელიანზე“
1895 წლის 8 მარტს დაიბადა პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი კოლაუ ნადირაძე.
სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, საიდანაც რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო „მგლის ბილეთით“ გარიცხეს. გიმნაზიაში სწავლისას დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა. 1916 ჟურ. „ცისფერ ყანწებში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „ავზნიანი ქალაქი“.
1918 წელს კონსერვატორიის დარბაზში გამართულ ცისფერყანწელთა პოეზიის საღამოზე წაიკითხა დეკლარაცია ცისფერი ყანწების შესახებ. 1919 წელს გამოსცა პირველი წიგნი „ბალდახინი“.
1985 წელს გააკრიტიკეს პოეტურ კრებულში ლექსის „25 თებერვალი 1921 წელს“ დაბეჭდვის გამო, რომელსაც მკაცრი „პარტიული“ შეფასება მიეცა.
ავტორია პოემებისა: „თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“, „რიონი-პორტი“; მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე; ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ფიქრი კრწანისზე და მანანა ორბელიანზე
განა არ ვიცი, განა არ ვხედავ,
რომ სხვა დროების ჩამოდგა ჯერი?!
მაგრამ რად მტანჯავს ეს ფიქრი ნეტავ,
და, რაც არ მოხდა, ის რატომ მჯერა?
როცა ბრძოლების დაჰქროდა ქარი,
როცა კოშკიდან კრთოდა მანდილი
მაშინ დაშნების რეკავდა ზარი,
და სულ სხვა იყო გულის წადილი!..
კრწანისის ახლოს ჰყიოდა გედი,
ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს…
სხვა რა მოხდება იმაზე მეტი −
რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?
მაშინ ეგ სახე მენახა ნეტავ,
ნეტავ შენი ხმა მე მომესმინა,
როცა ტიროდა ქართველი დედა
იქ, სადაც სამას არაგველს სძინავს!
ო, მაგ უნაზეს მკლავების სითბო
და მარგალიტისფერი სხეული
წარსულზე ფიქრით ოცნებას მიტკბობს −
გულში რომ არის ჩამონთხეული.
ოღონდაც ერთხელ მაინც მენახა
შენი მანდილის მაღლიდან რხევა,
გამევლო ღამით ჩუმი ვენახი
და კოშკის კარი გაეღო მხევალს…
დღეს, როცა მინებს წვიმა ასკდება
და ტვინს მიბურღავს მწუხარე ფიქრი, −
ჩემი ოცნებაც გედივით კვდება
და იფარება სათუთი ფიფქით.
კრწანისის ახლოს ყიოდა გედი,
ქარი მიწამდე აწვენდა ლერწამს…
სხვა რა მოხდება იმაზე მეტი,
რაც დღემდე გულის ფიცარს მილეწავს?!
კოლაუ ნადირაძე