„ქართული კალიგრაფია“ – კონკურსის ფინალისტთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

20 თებერვალს, 19:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თბილისის საკრებულოს გალერეაში გამართავს კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულთა და ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალს. 2010 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2014 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჟიურის წევრების მიერ კონკურსანტების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 931 ადამიანმა, ფინალში გადავიდა მხოლოდ 50-მდე მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის ისტორიაში 2014 წელს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურცენტრის მხარდაჭერით მონაწილეობა პირველად მიიღეს მსჯავრდებულებმა და აფხაზეთში, კონფლიქტის ზონაში, კერძოდ, გალის რაიონში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა. კონკურსში, ყოველწლიურად, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარებით, ქართველი ემიგრანტებიც მონაწილეობენ.
დაჯილდოების ცერემონიალზე დაგეგმილია ფინალისტთა კალირაფიული ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულთა და ნომინანტთა დაჯილდოება, კალიგრაფიის კონკურსის შესახებ ფილმისა და ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც ასახავს 2010-2013 წლებში გამართული კონკურსების შეჯამებას. ფილმი დაინტერესებული პირებისთვის საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეასრულებს. ასევე, გაიმართება ალბომის „ქართული კალიგრაფია“ პრეზენტაცია. ალბომში შესულია VII საუკუნიდან XXI საუკუნის ჩათვლით კალიგრაფიული ხელით შესრულებული ნიმუშები; დასურათებულია უძველესი ხელნაწერებითა და თანამედროვე კალიგრაფების მიერ შესრულებული უნიკალური ნამუშევრებით. კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის და კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება ახალგაზრდა თაობაში, ასევე, სხვა დაინტერესბულ პირებში და ამ გზით მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა. ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და ანბანის პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ხელნაწერი მემკვიდრეობა და კალიგრაფია კონკრეტული ერის და ცივილიზაციის კულტურული, სულიერი თუ ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ასახვაა. საქართველოში, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კალიგრაფიული ტრადიციის მქონე ქვეყანაა, ხელით წერის კულტურა ნაკლებად პოპულარული და წახალისებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. აღნიშნული კონკურსი კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მოხდეს ქართული კალიგრაფიის ტრადიციის შენარჩუნება, პოპულარიზაცია და მისი მდგრადი განვითარება. 2010 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებით აღნიშნული ტრადიცია მეტ-ნაკლებად აღდგა. უამრავ ადამიანს აქვს კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობის სურვილი, კონკურსანტები წლიდან-წლამდე ვითარდებიან. მათი ხელშეწყობა და წახალისება მეტად მნიშნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები