პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“

20 თებერვალს, 19.00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პიეტრო მასკანის ოპერას „სოფლის ღირსებას“ წარმოადგენს. პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსების“ შექმნას გარკვეული წინაპირობა ჰქონდა. მილანელმა გამომცემელმა სონზონიმ ერთმოქმედებიანი ოპერის დასაწერად კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მისაღებად პიეტრო მასკანიმ ოპერა „რატკლიფის“ წერას დროებით თავი მიანება და დაიწყო მუშაობა ოპერა „სოფლის ღირსების“ სიუჟეტზე, რომელიც მანამდეც კარგა ხანს იზიდავდა.
„სოფლის ღირსება“ იტალიელი მწერლის ჯოვანი ვერგას ნოველაა, რომელიც 1889 წელს გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა წარმატებული ინსცენირების გამო. ნაწარმოებში მოვლენები ვითარდება ერთი დილის განმავლობაში, რამაც ძალზე მიიზიდა კომპოზიტორი. ლიბრეტოს შექმნაზე მუშაობდნენ ტარჯონი-ტოცეტი და მენაში. დრამის ორ მოქმედებას აერთიანებს სიმფონიური ინტერმეცო, რომელმაც შემდგომში ფართო აღიარება მოიპოვა და დღესაც ძალზედ ხშირად სრულდება დამოუკიდებელი სიმფონიური მინიატურის სახითაც. აღსანიშნავია, რომ კონკურსზე წარმოდგენილ 70 ოპერას შორის „სოფლის ღირსებამ“ პირველი პრემია მოიპოვა. „სოფლის ღირსების“ პრემიერას 1890 წლის 17 მაისს რომში ტრიუმფალური წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც ოპერა მრავალ ქვეყანაში დაიდგა. თბილისში ეს ოპერა პირველად 1891 წელს, მსოფლიო პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ დაიდგა. წლევანდელ სპექტაკლ-კონცერტში მთავარ პარტიებს ასრულებენ: ელენა პუტილოვა, ირაკლი კახიძე, სულხან გველესიანი, ირინა ალექსიძე, ელენე ჯანჯალია. თბილისის ოპერის თეატრის გუნდს და ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები