„ქართული ლიტერატურის ახალი სიცოცხლე“ – პროექტის პრეზენტაცია
19 თებერვალს, 18:30 საათზე Din Studio გამართავს პროექტის პრეზენტაციას – „ქართული ლიტერატურის ახალი სიცოცხლე“ და ამ პროექტის პირველ გამოცემას, „ბალადას „ვეფხვისა და მოყმისას“.
„ბალადა „ვეფხვისა და მოყმისა“ არის ერთ-ერთი, იმ ბავშვობის დროინდელი ტექსტებიდან, რომელიც სამუდამოდ გამახსოვრდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში, სხვადასხვა ეტაპზე გახსენებს თავს. ბოლო დროს, გარსმოდებული საყოველთაო სიძულვილით გამსჭვალულ გარემოში, სადაც ადამიანებს სძულთ ყველაფერი, ვინც და რაც მათგან განსხვავდება, შეუძლებელია, არ მიხვდე, თუ რა დავკარგეთ, რა გვჭირდება, რომ შევძლოთ ადამიანებად დარჩენა, მრავალფეროვან და, ამავდროულად, ჰარმონიულ საზოგადოებად ჩამოყალიბება – თანაგანცდა, სხვისი ტკივილის საკუთრად მიღება და ამ გზით გაგება, რადგან გზა სხვების სიყვარულისკენ, სწორედ ამ უნარზე გადის. ეს გრაფიკული ნოველა, არის საჩუქარი ჩვენი ბავშვებისთვის, რომელიც დაეხმარება მათ მუდმივად შეახსენონ საკუთარ თავს, რომ „იქნება ვეფხვის დედაი, ჩემზე მწარედა სტირისა“.