ბრალდების მხარემ ლევან ჩაჩუასთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოითხოვა
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა და ლევან ჩაჩუასთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოითხოვა.
პროკურორის განმარტებით, ექსპერტმა არაჯეროვნად აღწერა ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების დათვალიერებისას მათზე არსებული დაზიანებები.
მისივე განცხადებით, ცხედრებზე საეჭვო უბნები არსებობდა და ექსპერტმა მხოლოდ ზურაბ ჟვანიას ტუჩის არეში მიყენებული დაზიანება აღწერა და ის დაზიანებები, რომელიც რაულ უსუპოვს ხელის არეში და მკერდის არეში ჰქონდა, ზურაბ ჟვანიას კი, თავის ქალის არეში, არ აღუწერია.
საპირისპიროს აცხადებს დაცვის მხარე. ჩაჩუას ადვოკატმა განაცხადა, რომ დასკვნით სიტყვაში პროკურორმა ვერც ერთი იურიდიული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
“პროკურორს ამ მონაკვეთში არც ერთი იურიდიული მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის თავის დასკვნით სიტყვაში. მან გაიმეორა მხოლოდ და მხოლოდ საქმეში არსებული, მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები. რაც კატეგორიულად არ ემყარება მტკიცებულებით მხარეს”, – აღნიშნა ლევან ჩაჩუას ადვოკატმა.