ლევან ჟორჟოლიანი: ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს ფუნქცია არ იქნება მხოლოდ ბაზრის კვლევების ჩატარება, ეს სააგენტო შეასრულებს მათ შორის, ტექნიკურ დავალებას, რამდენად სწორად არის შესყიდვა განხორციელებული, ხომ არ არის მორგებული კონკრეტულ ბრენდზე ან კომპანიაზე
ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს ფუნქცია არ იქნება მხოლოდ ბაზრის კვლევების ჩატარება, ეს სააგენტო შეასრულებს მათ შორის, ტექნიკურ დავალებას, რამდენად სწორად არის შესყიდვა განხორციელებული, ხომ არ არის მორგებული კონკრეტულ ბრენდზე ან კომპანიაზე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისი თქმით, განხორციელდება ბაზრის კვლევის პროცედურა, შესყიდვის პროცედურა და სააგენტო გააკონტროლებს, რომ შესრულება იყოს ხელშეკრულების შესაბამისი.
„ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს ფუნქცია არ იქნება მხოლოდ ბაზრის კვლევების ჩატარება, შესყიდვა კონკრეტული ორგანიზაციისთვის. კონკრეტული სამინისტრო დაუკვეთავს ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტოს საქონლის ან მომსახურების შეძენას. ეს სააგენტო შეასრულებს მათ შორის, ტექნიკურ დავალებას რამდენად სწორად არის გაკეთებული, ხომ არ არის მორგებული კონკრეტულ ბრენდზე ან კომპანიაზე. შემდეგ განახორციელებს ბაზრის კვლევის პროცედურას შესყიდვის პროცედურას და შემდგომში გააკონტროლებს, რომ მიწოდება, შესრულება იყოს ხელშეკრულების შესაბამისი. ჩვენ პრობლემები გვქონდა მათ შრის ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, სახელმწიფომ გადაიხადოს ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი საბაზრო ღირებულება და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში გაჩნდეს განცდა, რომ ბიზნესისთვის არსებობს თანაბარი გარემო. როდესაც 8 მილიარდის შესყიდვას ახორციელებს სახელმწიფო, მნიშვნელოვანია ეს ხარჯთეფექტიანობისთვის“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.