გზების ასოციაცია ნარმანიას აკრიტიკებს: უადგილო შენიშვნას აძლევთ სასწრაფო დახმარების სამსახურს

სასწრაფო დახმარების გამოძახებისას ადგილზე მისვლის ოპერატიულობის გაიზარდასთან დაკავშირებით დავით ნარმანიას მიერ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელისთვის მიცემულ დავალებას, “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ გაუმართლებელს და უადგილოს უწოდებს.
ასოციაცია დედაქალაქის მერის მიმართავს და აცხადებს, რომ პრობლემა დედაქალაქის საავტომობილო გზებზე შექმნილი საცობებია.
“საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუ არ მერია გაატარებს გადამჭრელ ღონისძიებებს საცობების განმუხტვის თვალსაზრისით, სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო სამსახურები ვერც დაგვიანებით შეძლებენ დახმარების გაწევას.
მათივე პროგნოზით, პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ამ სამსახურების პარალიზება 2016 წელს მოხდება.
“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ, როგორც ქალაქის მერი კვლავ ვერ ჩაწვდით პრობლემის არსს. მოუწოდებთ სასწრაფო – სამედიცინო სამსახურებს, დროულად გამოცხადდნენ გამოძახების ადგილზე, თითქოს ეს სასწრაფოს თანამშრომლებს თავად არ სურდეთ. ეს მოთხოვნა გვაგონებს შემთხვევას, როდესაც ჩაჭედილ საცობში საპატრულო პოლიციის ავტომობილიდან მუდმივად გიყვირიან სიტყვას: “იმოძრავე” და ერთადერთი ვარიანტი მოთხოვნის შესასრულებლად არის, თავად თუ დაიწყებთ ავტომობილში მოძრაობას.
ბატონო მერო, ჩვენ არაერთგზის გაფრთხილებდით, რომ თუ თქვენ არ გაატარებთ გადამჭრელ ღონისძიებებს საცობების განმუხტვის თვალსაზრისით, სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო სამსახურები ვერც დაგვიანებით შეძლებენ დახმარების გაწევას. ჩვენი პროგნოზით, 2016 წელს მოხდება ამ სამსახურების პარალიზება, ელემენტარულად ვერ მოახერხებენ გამოძახების ადგილზე მისვლას და მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ პირადად თქვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად.
ყოვლად გაუმართლებელია, რომ ვერ გაერკვიეთ რა პრობლემის არსში, სრულიად უადგილო შენიშვნას აძლევთ სასწრაფო დახმარების სამსახურს“, – ნათქვამია “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელს დაავალა, ყველაფერი გააკეთოს გამოძახებაზე ოპერატიულად გასვლისთვის. როგორც ნარმანიამ განაცხადა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სისტემის დეტალური შესწავლა, რათა დადგინდეს, თუ სად არის ის ჩავარდნები, რაც ცალკეულ შემთხვევებში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების გამოძახებაზე დაგვიანებას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები