ჟვანიას საქმის ექსპერტი მედიასაშუალებებს მიმართავს

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის პატიმრობიდან გათავისუფლებული, მედიის წარმომადგენლებს მიმართა.
ჩაჩუამ ჟურნალისტებს პროცესის დასრულებამდე დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და ზედმეტი კომენტარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
როგორც ჟვანიას საქმის ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ აღნიშნა, ბოლო კვირის განმავლობაში, არაერთი ტელევიზიის მიერ მომზადდა მასალები, სადაც საქმესთან შეხების არმქონე ადამიანების კომენტრები იყო გამოყენებული.
ჩაჩუა მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სასამართლოს მიმდინარეობას.
მისივე თქმით, მედიასთან კომენტარს სწორედ ამიტომ არ აკეთებს. “ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ჟურნალისტისთვის კომენტარი არ მიმიცია. სათქმელი მეც ძალიან ბევრი მაქვს და ყველაფერს მას შემდეგ ვიტყვი, რაც სასამართლო პროცესები დასრულდება. მაქსიმუმ ერთი თვეა დარჩენილი საქმის განხილვის დასრულებამდე და ვთხოვ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გვამების განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ჩაჩუას ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედება.
პროკურორების განმარტებით, ექსპერტმა არაჯეროვნად აღწერა ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ცხედრების დათვალიერებისას მათზე არსებული დაზიანებები.
მათივე განცხადებით, ცხედრებზე საეჭვო უბნები არსებობდა და ექსპერტმა მხოლოდ ზურაბ ჟვანიას ტუჩის არეში მიყენებული დაზიანება აღწერა და ის დაზიანებები, რომელიც რაულ უსუპოვს ხელის არეში და მკერდის არეში ჰქონდა, ზურაბ ჟვანიას კი, თავის ქალის არეში, არ აღუწერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები