„კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს პარლამენტისთვის რამდენიმე კანდიდატურა შეეთავაზებინა“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა ევა გოცირიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დავით საგანელიძისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის არსებული შეთანხმება შეაფასა.
გოცირიძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა შეთანხმება შედგა საგანელიძესა და პრეზიდენტს შორის, თუმცა მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს პარლამენტისთვის ერთდროულად რამდენიმე კანდიდატი წარედგინა.
„ჩემთვის უცნობია პრეზიდენტსა და საგანელიძეს შორის შეხვედრა როდის და რა თემაზე გაიმართა. არ ვიცი, რა საუბრები ჰქონდა საგანელიძეს პრეზიდენტთან და რა შეუთანხმა მან უმრავლესობას, ან პრეზიდენტს. ზოგადად გეტყვით, რომ კანონი პრეზიდენტის მიერ კანდიდატურის პარლამენტში წარდგენას ითვალისწინებს, თუმცა იქნებ სწორი ყოფილიყო, რომ პარლამენტისთვის რამდენიმე, 3 ან 5 კანდიდატურა წარედგინათ, და თუ ერთი კანდიდატი საკმარის მხარდაჭერას ვერ მიიღებდა, შემდეგ ბედი სხვა კანდიდატებს ეცადათ“, – განაცახდა ევა გოცირიძემ.
ევა გოცირიძემ დასახელებული კანდიდატის პოლიტიკურ წარსულზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ნინო გვენეტაძე ოდესღაც პოლიტიკური პარტიის წევრი იყო, არავის აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ის მიკერძოებული იქნება.
„ ყველა ჩვენგანი დროის გარკვეულ პერიოდში სადღაც ვყოფილვართ, შეიძლება ვყოფილიყავით რომელიმე პარტიის წევრი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალბატონი ნინო ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ოდესმე რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ყოფილა, მიკერძოებული იქნება“,- განაცხადა ევა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძემ პრეზიდენტი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კანდიდატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა. პრეზიდენტთან დღეს დილითაც გახლდით. ჩვენ მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელზეც მე ადრეც გავაკეთე განცხადება, რომ მის მიერ დასახელებული ყოფილიყო ორი-სამი კანდიდატურა მაინც, რათა უმრავლესობას, კოალიციას ჰქონოდა მათ შორის საუკეთესოს ამორჩევის საშუალება, ვისაც მეტი მხარდაჭერა ექნებოდა. სამწუხაროდ, ეს პრეზიდენტის მიერ უარყოფილ იქნა. მან მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი კანდიდატურის დასახელების შესახებ.
შეთანხმებისამებრ, რომ კანდიდატურა კოალიციასთან შეთანხმებული ყოფილიყო, რომ ჩვენ გვცოდნოდა, რა მასშტაბის მხარდაჭერა ექნება ამ კანდიდატს, მას შევთავაზე, რომ კანდიდატურა განხილული იქნებოდა კოალიციაში და მას ექნებოდა ინფორმაცია კოალიციის მოსაზრების თაობაზე, რის შემდეგაც უმჯობესი იქნებოდა, გაეკეთებინა უკვე ოფიციალური განცხადება და კანდიდატურა ოფიციალურად წარმოედგინა. სამწუხაროდ, ბატონმა პრეზიდენტმა შეთანხმების ეს ნაწილიც უარყო და მან მიიღო გადაწყვეტილება, დაესახელებინა მხოლოდ ერთი კანდიდატურა. ეს მისი უფლებაა და მისი გადასაწყვეტია. შესაბამისად, საკითხი კოალიციაში და უმრავლესობაში განხილული არ ყოფილა, შეთანხმებული არ ყოფილა და ძალიან გამიჭირდება კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაცვლად საუბარი. უახლოეს ხანებში კოალიცია საკითხს აუცილებლად განიხილავს და იმედია, ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბდება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები