თეოლოგ ბექა მინდიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

20 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი წაიკითხავს პირველ საჯარო ლექციას თემაზე – ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან განაახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“.
ტოლერანტობის სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას.
ტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას შემდეგ თემებზე:
ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები; რელიგია და ტოლერანტობის კულტურა; ტოლერანტობა და სამართლებრივი საკითხები; ტრადიცია და ნაციონალიზმი; სეკულარიზმისა და პოსტსეკულარიზმის პრობლემა; ფუნდამენტალიზმი; ტოლერანტობის იდეა მხატვრულ ლიტერატურაში; მრავალფეროვნების იდეა კინოში; მედიატოლერანტობა; ქართული კულტურა და ტოლერანტობა; ხალხთა სტუმართმოყვარეობა და შეუწყნარებლობის კულტურული საფუძვლები; ტოლერანტობა და მულტიკულტურალიზმი.
პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.
ლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევარები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. ტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები