შსს-მ საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტი აღკვეთა და 9600 აბი „ტრამადოლი“ ამოიღო (ვიდეო)
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იუსუფ ო. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ბრალდებით სარფის საბაჟო- გამშვებ პუნქტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას 9600 აბი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 480 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერება ტრამადოლს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სატვირთო ავტომანქანა ტრანზიტული მარშრუტით სომხეთის რესპუბლიკაში მიდიოდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)