ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონის სოფლის ექიმებს შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში გურჯაანში კახეთის რეგიონის სოფლის ექიმებს შეხვდა და „სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამის ეტაპობრივი რეფორმირების პრეზენტაცია წარუდგინა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მარიამ ჯაშმა „სოფლის ექიმის” პროგრამაში 2013 წელს გამოვლენილ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
რეფორმის პირველი ეტაპისათვის მარიამ ჯაშმა კახეთის რეგიონის ექიმებს ყველა ის სიახლე გააცნო, რაც რეფორმის ფარგლებში უკვე დაწყებულია და მომდევნო თვეების მანძილზე განხორციელდება, კერძოდ:
2014 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში მოხდება თითოეული სოფლის ექიმის და ექთნის პირდაპირი დაკონტრაქტება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. ეს პროცესი 2013 წლის მანძილზე ხელფასების გადარიცხვის სისტემური დაგვიანების პრობლემას მოაგვარებს.
1 მაისიდან ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის ექიმებისთვის მოახდენს სამედიცინო დოკუმენტაციის ცენტრალიზებულ შესყიდვას და მიწოდებას, რაც სოფლის ექიმებს კუთვნილი ხელფასიდან გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯებისგან გაათავისუფლებს.
ასევე 1 მაისიდან სამინისტრო ექიმის ჩანთის ცენტრალიზებულ შესყიდვას და მედიკამენტების განახლებისათვის შეღავათიან ფასში შესყიდვას უზრუნველყოფს.
სოფლად პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით პირველ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორია აშენდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, რათა სოფლის ამბულატორიების კომუნალური ხარჯების დაფარვა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოხდეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) განვითარების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა. მარიამ ჯაშის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე მუშაობას 2014 წლის აპრილში დაასრულებს. პჯდ კონცეფციის ფარგლებში, მოხდება პირველადი ჯანდაცვის მოცვის არეალის სტანდარტების ჩამოყალიბება, სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთა ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის და საკადრო რესურსების სტანდარტების ჩამოყალიბება. ასევე მუშავდება სოფლის ექიმების დამატებითი ფინანსური მოტივაციის სქემები გაუმჯობესებული ადმინისტრირებისა და მონიტორინგის პირობებში. აღნიშნული ცვლილებები რეფორმის მე-2 ეტაპზე განხორციელდება.
მოგვიანებით, მარიამ ჯაში სოფელ მუკუზანში ჩავიდა და ახალი ამბულატორია დაათვალიერა.