ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მიეცა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა დააფუძნეს რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი.
“2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრის პერიოდში სახელმწიფოს კუთვნილი იმპორტის გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, ზემოთ აღნიშნული პირები, მათ მიერვე დაფუძნებულ საზოგადოებებს შორის, ახორციელებდნენ ფიქტიურ სამეურნეო – საფინანსო ოპერაციებს, თითქოს უწევდნენ ერთმანეთს სხვადასხვა მომსახურებას, რისთვისაც ამზადებდნენ ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს და იქმნიდნენ დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბ აქტივს, რომლითაც შემდგომში ახდენდნენ იმპორტის გადასახადის გადახდას. ჯამში, მათი მხრიდან შეიქმნა 1 559 162 ლარის დღგ-ს ყალბი აქტივი”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათივე ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.