პროკურორი ჟვანიას საქმეზე: ჩატარდება ექსჰუმაცია და ბევრ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხები იქნება გაცემული
კონკრეტული დრო, თუ როდისთვის იგეგმება ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსჰუმაცია, უცნობია.
როგორც პროკურორმა რევაზ ნადოიმ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “ რეაქციისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პროკურატურა ექსჰუმაციის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს, რაც დროსთან არის დაკავშირებული.
ჟურნალიტის კითხვაზე – რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ჟვანია და უსუპოვი არიან მოკლულები, პროკურორი აცხადებს, რომ ამის დასადგენად აუცილებელია არსებობდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
“ამისათვის აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ჩვენ გეგმის მიხედვით მივდივართ, აუცილებლად ჩატარდება ექსჰუმაცია და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ბევრ კითხვაზე, საკმაოდ დამაჯერებელი პასუხები იქნება გაცემული“, – განაცხადა რევაზ ნადოიმ.