პროკურატურა შესაძლოა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიით დაინტერესდეს
შესაძლოა პროკურატურა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიით დაინტერესდეს, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემამდე მიწის კულტურულ ღირებულებას სწავლობს.
როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე საქმის პროკურორებმა განაცხადეს, ბოდოკია შპს “დარიოუშის” ხელმძღვანელთან, ნათია მახარაშვილთან საუბრისას ახსენებს კულტურის სამინისტროში არსებულ კომისიას და ფარული ჩანაწერის მიხედვით ჰპირდება აღნიშნულ კომისიასთან მშენებლობის ნებართვაზე საქმის მოგვარებას. პროცესის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა პროკურორს ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა დაინტერესდეს პროკურატურა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიის წევრებითაც, თუმცა პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ჯერჯერობით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს. 24 კაციანი კომისიის ირგვლივ ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს ბოდოკიას ადვოკატსაც. როგორც გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიცემულ ჩვენებაში სხვა პირებს არ ახსენებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი ბოდოკიასთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.