ჯოკია ბოდოკია ნარკოდანაშაულისთვის არის ნასამართლევი

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია 2010 წელს ნასამართლევი იყო ნარკოდანაშაულისთვის, რომლისთვისაც ერთწლიანი სასჯელი მოიხადა და მოგვიანებით ნასამართლეობა გაუქარწყლდა -აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გაჟღერდა.
ბრალდების მხარემ პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად ბრალდებულის მხრიდან თავისუფლების შემთხვევაში ხელახალი დანაშაულის, მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები, ერთ-ერთ გარემოებად კი, ჯოკია ბოდოკიას გაქარწყლებული ნასამართლეობა დაასახელა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი ბოდოკიასთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ამასთან, როგორც ბოდოკიას წინააღმდეგ საქმის პროკურორმა, მალხაზ გეწაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯოკია ბოდოკიას მიყურადება დანაშაულის ჩადენამდე, უფრო მეტიც, ქრთამის შეთავაზებამდე დაიწყო.
როგორც მან აღნიშნა, საქმეში არსებობს ვიდეომასალა, სადაც ჩაწერილია შპს “დარიოუშის” წარმომადგენელთან, ნათია მახარაშვილთან საუბრები. პროკურორის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე 11 თებერვალს დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ, ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები