ზუგდიდში დევნილებისთვის 34 თორმეტსართულიანი კოპუსი აშენდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
მინისტრმა შეხვედრაზე დევნილებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ უახლოეს მომავალში ბარამიას N7-ში 34 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყება, სადაც 2460 დევნილი ოჯახი ბინას საკუთრებაში მიიღებს. განაშენიანება 3.5 ჰექტარზე მიმდინარეობს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით და სერვისებით. ამ მასშტაბური მშენებლობის დასრულების შემდეგ ზუგდიდის რაიონში გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, უმძიმეს პირობებში მცხოვრები დევნილთა პრობლემა პრაქტიკულად მოიხსნება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ზუგდიდში გერმანიის განვითარების ბანკის დაფინანსებით უკვე დასრულდა 10 კორპუსის მშენებლობა, სადაც 320 დევნილი ოჯახი ბინებს მარტის დასაწყისში მიიღებს. აღნიშნული ფართები შშმ პირებისთვის კენჭისყრის გარეშე განაწილდება.
ახლადაშენებულ კორპუსში ბინას პირველ რიგში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ავარიულ შენობებში მცხოვრები დევნილები მიიღებენ.
მარტში დასრულდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) დაფინანსებით ხორციელდება. რეაბილიტირებულ შენობაში ბინას საკუთრებაში 42 დევნილი ოჯახი მიიღებს.
მინისტრმა სოზარ სუბარმა და გუბერნატორმა ლევან შონიამ ასევე მოინახულეს აბასთუმნის სკოლა-ინტერნატის, ჭითაწყლის და სტამბის დევნილთა ჩასახლებები.
ზუგდიდის რაიონში 10-მდე ნგრევადი ობიექტიდან სამინისტრო დევნილ ოჯახებს 320 ბინიან ახალაშენებულ კორპუსებში გადაიყვანს, რითაც ზუგდიდის რაიონში არსებული დევნილთა ნგრევადი ობიექტების პრობლემა გადაიჭრება.