„გუშინდელ კონცერტზე სამთავრობო დაცვაც არ „შეუშვეს“, მგონი”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტის ორგანიზების თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას უერთდება. ამასთან დაკავშირებით კობახიძე ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“ბოდიში, მაგრამ… გუშინდელ კონცერტზე სამთავრობო დაცვაც არ “შეუშვეს”, მგონი… სიმართლის თქმა ვისწავლოთ და აშენდება ქვეყანა… როგორც კი მივედი, პირველი ვიკითხე დაცვის პრობელმა ხომ არ არის, ამდენი ხალხი გარეთ რატომ დგას-თქო? გიო ხუციშვილმა (სპორტის სასახლის დირექტორმა) განმიმარტა, BILETEBI.GE–ს პრობლემაა, მათ გაყიდეს და ახლა ბარ კოდების შესამოწმებელი აპარატურა მხოლოდ 6 ცალი მოიტანესო. ასე რომ, დაცვას ჩვენ მივხედავთ, თქვენ კონცერტების ორგანიზებას მიხედეთ და ავაშენებთ ასე ნელ–ნელა სწორ ქვეყანას…“ – წერს ნინო კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამო, რომელიც ცნობილ ფრანგ მსახიობს ალენდ დელონს მიჰყავდა, 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სპორტის სასახლეში მაყურებელს მხოლოდ ერთი კარიდან უშვებდნენ, რის გამოც კონცერტზე დასწრების მსურველებს საკმაოდ დიდ რიგში მოუწიათ დგომა და საღამოზეც დაგვიანებით შევიდნენ. მოგვიანებით სპორტის სასახლის სხვა შესასვლელებიც გაიხსნა და კონცერტზე დასწრების მსურველებმა შენობაში შესვლა მოახერხეს. კონცერტის ორგანიზატორებმა შეფერხებისთვის ბოდიში მოიხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები