აფრიკაში მყოფი ქართველი მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ

აფრიკაში, ბენინისა და განას რესპუბლიკაში მყოფი ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ბერძნული კომპანიის მფლობელობაში მყოფ გემებზე მუშაობდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ.
ამის შესახებ “კვირას“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა და მათგან 22 საქართველოში დაბრუნდა. აფრიკაში მხოლოდ ერთი მათგანი დარჩა თავისივე სურვილით, მუშაობის გასაგრძელებლად.
“მეზღვაურები 2015 წლის 13 იანვარს დახმარებისთვის დაუკავშირდნენ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რის შემდეგაც სააგენტომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად დაიწყო არსებულ ვითარებაში გარკვევა და სხვადასხვა ღონისძიების გატარება მათ დასახმარებლად. ცნობილია, რომ გემთმფლობელი კომპანიის გაკოტრების გამო მეზღვაურებს რამდენიმე თვის ხელფასი არ აუღიათ, ამას გარდა, უწევდათ ცხოვრება გემზე, სადაც თითქმის ამოწურული იყო სასიცოცხლო პროდუქტების მარაგი”, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ამ ხნის განმავლობაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურებთან და გემთმფლობელ კომპანიასთან სატელეფონო კავშირზე მუდმივად იმყოფებოდნენ.
“საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი პირადად იყო მისული შუამავალი კომპანია – WESTERN MEDITERRANEAN SHIPPING S.A.-ის სათაო ოფისში, რომელიც ზრუნავს როგორც საბერძნეთში, ისე აფრიკის წყლებში მცურავ გემებზე. საბოლოოდ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, გემთმფლობელმა გადაიხადა მეზღვაურთა სამშობლოში რეპატრიაციის ხარჯები და დადო პირობა, რომ უახლოეს მომავალში მეზღვაურებს აუნაზღაურებს არსებულ დავალიანებას. მეზღვაურებმა უკვე დაიქირავეს ადვოკატი, რომელიც მათ ხელშეკრულების თანახმად, კუთვნილი ხელფასის მიღებაში დაეხმარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები