მალხაზ ვახტანგაშვილი: უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა სწორი არ იყო

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე მალხაზ ვახტანგაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს.
როგორც დეპუტატმა დღეს „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, მას მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის მიმართ, ზოგადად, ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს სასიკეთოდ არ წაადგება. „ვფიქრობ, უკრაინაში ამა თუ იმ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება სწორი არ იყო. მაგრამ ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, მათ გადაწყვეტილებებში ამა თუ იმ ფორმით ჩავერიოთ, ეს არის მათი არჩევანი და, ბუნებრივია, მათ შეუძლიათ ესა თუ ის არჩევანი ჰქონდეთ და ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღონ. ეს არ არის ჩვენი საქმე, ეს მათი საქმეა“, – განაცხადა ვახტანგაშვილმა.
რაც შეეხება იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის უკრაინაში ვიზიტებსა და იქ საკონსულტაციო საქმიანობას, დეპუტატის განცხადებით, საკითხავია, თუ როგორ ახერხებს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი საზღვრებზე გადაადგილებას.
„ინტერპოლს ადეიშვილის შესახებ ინფორმაცია გადააცა. იგი ინტერპოლის ხაზით ძებნილია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით გააქტიურება მოგვიწევს, რადგან კითხვის ნიშნები ჩნდება. თუკი ადამიანი საერთაშორისოდ ძებნილია, მაშინ როგორ ახერხებს იგი საზღვრების გადალახვას. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ეს კითხვები დაისმება“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები