ლევან ბერძენიშვილი: პარტიულობა სამარცხვინო არ არის, დანტეც პარტიის წევრი იყო
პარტიულობა სამარცხვინო არ არის, დანტეც პარტიის წევრი იყო, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური პარტიის წევრი არ უნდა იყოს.
ამასთან, ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ გუშინ დავით საგანელიძის მიმართ გავრცელებული განცხადების ავტორებს პრეტენზია არა უმრავლესობის ლიდერთან, არამედ ფრაქციების თავმჯდომარეებთან უნდა ჰქონდეთ. “უმრავლესობის ლიდერს ნამდვილად არ აქვს საშუალება, ელაპარაკოს უმრავლესობის ყველა წევრს. ასე რომ, მათ, პირველ რიგში, თავიანთი ფრაქციების ხელმძღვანელებთან უნდა ჰქონდეთ პრეტენზია და არა – დავით საგანელიძესთან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ტექნიკური საკითხი და გაერკვევიან მეგობრები”,- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა. უმრავლესობის 19 წევრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის იმ კრიტერიუმს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი პირი უნდა იყოს. როგორც უმრავლესობის წევრების ნაწილი აცხადებს, კრიტერიუმები უმრავლესობასთან შეჯერებული და შეთანხმებული არ ყოფილა.