ირაკლი ალასანია: ვემხრობი სრულ დეკრიმინალიზაციას, არა მარტო მარიხუანის
ვემხრობი სრულ დეკრიმინალიზაციას, არა მარტო მარიხუანის, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემაში „მძიმე კაცთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქე არ უნდა დააკავო იმის გამო, რომ მას საკუთარი მოხმარებისთვის ნებისმიერი ნარკოტიკი ჰქონდეს თან. მანვე აღნიშნა, ის ამას აუცილებლად გააკეთებდა, თუმცა ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიების გატარება.
„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლეგალიზაციის. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის სამედიცინო კუთხითაც ვიცი ეს პრობლემა. უახლოეს პერიოდში საქართველო ნამდვილად არ იქნება მზად ამისთვის. რასაც ვემხრობი, ეს არის სრული დეკრიმინალიზაცია, არა მარტო მარიხუანის. ადამიანი, მოქალაქე არ უნდა დააკავო იმის გამო, რომ მას საკუთარი მოხმარებისთვის ნებისმიერი ნარკოტიკი ჰქონდეს თან. ამას დაჭირდება სპეციალური სამართლებრივი ცვლილებები კანონმდებლობაში, მაგრამ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და კომპლექსურად უნდა მოხდეს. ერთი ნაბიჯი არ მოიტანს შედეგს. პარალელურად უნდა სერიოზულად იფიქრო პრევენციაზე, უნდა გახსნა სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრები არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც, იმიტომ, რომ რეგიონებშიც ასეთი დაავადებული ადამიანები მრავლად არიან. ეს ავადმყოფობაა, მიდრეკილება. ყველას უნდა მიეცეს საშუალება, რომ იმკურნალოს. ამაზე უნდა გადავიდეს აქცენტი – პრევენციაზე და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე. რა თქმა უნდა, რეპრესიული მანქანა ყოველთვის საჭირო იქნება იმისთვის, რომ ებრძოლო გავრცელებას, გაყიდვას. ამ ბრძოლაში საჭიროა ახალი ტექნოლოგიები და ახალი ინსტრუმენტები ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებში. უნდა შეიცვალოს მიდგომა სამართალდაცვითი კუთხითაც“, – განაცხადა ალასანიამ.