ინტერპარტიული ჯგუფი, საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, ახალ კამპანიას იწყებს
„ვიწყებთ ახალ კამპანიას, რომ ეს მანკიერი საარჩევნო მაჟორიტარული სისტემა შევცვალოთ. ჩვენ შევძლებთ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა ამ ქვეყანაში მთავარ თემად ვაქციოდ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მივაღწიოთ“,- აღნიშნული განცხადება ინტერპარტიული ჯგუფის წევრმა, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ახვლედიანის განცხადებით, აღნიშნული სისტემა სახელისუფლებო გუნდს საშუალებას აძლევს, მაჟორიტარების ხარჯზე, დაბალი რეიტინგის მიუხედავად, ადგილები მიისაკუთრონ.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მთელი საზოგადოების აზრი საერთოა და მას, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, ბევრი პარლამენტის შიგნითაც უჭერს მხარს, ცვლილება მაინც ვერ განხორციელდება, თუ მას პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება.
„საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე ერთი აზრი გვაქვს პოლიტიკურ სპექტრს, ექსპერტებს, არასამთავრობოებს, ევროსაბჭოს, ევროკავშირს, ვენეციის კომისიას… ყველამ იცის, რომ მაჟორიტარული სისტემის შეცვლა აუცილებელია. ამას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“ კი, რომლებმაც თავის დროზე თავად დააკვიდრეს ეს მანკიერი მეთოდი. მათ გარდა, პარლამენტში ამას მხარს უჭერენ „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“, თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია პარტია „ქართული ოცნების“ პოზიცია. ისინი ამ თემაზე არ გველაპარაკებიან. არადა, დრო ძალიან ცოტა რჩება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ამ წლის შემოდგომაზე უნდა მოესწროს. ჩვენ ვგეგმავთ, დავიწყოთ ძალიან მასშტაბური კამპანია და ამ პროცესში უფრო მეტი სოციალური ჯგუფი ჩავრთოთ “, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.