უტა ბექაიას პერფორმანსი „ფუა სია ტატა სია“ გაიმართება
17 თებერვალს, 20:00 საათზე მუშთაიდის ბაღში თბილისის თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი და კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი წარმოგიდგენთ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის უტა ბექაიას პერფორმანსს „ფუა სია ტატა სია“.
„ფუა სია ტატა სია“ დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი სამეგრელოს წარმართული რიტუალების შესწავლას ეძღვნება. პერფორმანსი ეფუძნება განწმენდის ცერემონიას, რომელიც სრულდებოდა ადამიანის სხეულში მომეტებული მუხტისგან გამოწვეული დაავადებების დროს. რიტუალი სამი ელემენტის დახმარებით ხორციელდებოდა, ესენია: წყალი, ოქრო და გიშერი, რომლებიც ბნელი ენერგიის გამწოვებად აღიქმებოდა. რიტუალის დროს ექიმბაში ქალი ხდება მედიუმი პაციენტსა და სამყაროს შორის და საკუთარი სხეულის მეშვეობით პაციენტს ბნელი ენერგიისგან ათავისუფლებს. მეგრულ ენაზე წარმოთქმული შელოცვები, რომლებიც ამ რიტუალების დროს გამოიყენებოდა, თაობებს, ძირითადად, ქალების მეშვეობით ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. ეს ინსტალაცია უტა ბექაიას პირად გამოცდილებაზეა დამყარებული და მის ბებიას, ნორა მასხულიას ეძღვნება.
პერფორმანსში მონაწილეობენ: უჩა მჟავია, ბექა პაიკიძე, ელიზბარ ჩხეიძე, ნინა გორგასლიძე. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხრდაჭერით. დასწრება თავისუფალია.