პროექტი, რომელიც აერთიანებს და ემსახურება სრულიად საქართველოს
საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და „საგამომცემლო სახლის ქართული ელიტის“ ორგანიზებით, უკვე მეორე წელია ხორციელდება პროექტი „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია – „ივერია“.
აღნიშნული პროექტის წელიწადი მეორის პირველი ღონისძიება კახეთში, კაჭრეთში არსებულ კოლეჯ „აისში“ გაიმართა.
ღონისძიებები ტრადიციულად, წელიწადის განმავლობაში თვეში ერთხელ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართება. პროექტში ყოველთვიურად ერთვება შვიდი პოეტი, ერთი ე. წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ანუ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანი, ერთი სასულიერო პირი, ერთი ფოტოხელოვანი, ერთი მხატვარი და ხატმწერი. ამასთანავე, პროექტში ჩართულნი არიან მსჯავრდებულებიც, რომელთა ლექსების პრეზენტაციაც სწორედ ღონისძიებებზე ხდება.
„ეს არის პროექტი, რომელიც ემსახურება და აერთიანებს სრულიად საქართველოს, განსხვავებული მრწამსისა თუ ეთნიკურობისა, ვინაიდან ილია მართლისთვის ნებისმიერი ადამიანი – საქართველოს მოქალაქე, მისთვის ყოველი ადამიანი ღვთის ხატებაა. ჩვენ ვემსახურებით ქართულ პროზა-პოეზიას, რომელიც ნამდვილად დასაფასებელი და განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის მომავლისა და ისტორიისთვის“, – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.
პროექტის იდეის ავტორი, პრემიისა და „საგამომცემლო სახლის ქართული ელიტის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ნუგზარ ჭიაბერაშვილია.