“ID ბარათის ალტერნატიული დოკუმენტის შექმნა, შესაძლოა, მომავალში განვიხილოთ”
ამ ეტაპზე ელექტრონული პირადობის მოწმობების ალტერნატიული დოკუმენტის შექმნის საკითხი არ განიხილება, თუმცა ეს თემა მომავლაში განიხილონ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
“ამ ეტაპზე ეს განხილვის საგანი არაა, მაგრამ თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ გამოსავალი უნდა იყოს მოძებნილი, ეს შეიძლება იყოს მომავლის თემა”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი განმარტებით, ID ბარათი ბიომეტრიული სიის შესაქმნელად აუცილებელია.
“კოალიციაში შემავალი ყველა პარტია ერთსულოვანია იმაში, რომ შედგეს ბიომეტრიული საარჩევნო სია და ერთხელ და სამუდამოდ არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაბედოს გააყალბოს არჩევნები და არ მოხდეს ის, რაც მოხდა 2008 წლის იანვარში. ბიომეტრიული სიისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობა არის აუცილებელი”, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ცრუა ინფორმაცია, რომ მოსახლეობის 30 %-ია ID ბარათის წინააღმდეგია.
ელექტრონული პირადობის მოწმობის დანერგვას გამოკითხულთა 84 % მხარს უჭერს.
“ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და გამოკითხულთა 84 % ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ელექტრონული პირადობის მოწმობა. დანარჩენი 16 % ამბობს, რომ აქვს გარკვეული წინააღმდეგობა, თუმცა აღნიშნული 16 %-დანაც 34 % აცხადებს, რომ თუ ბარათი უფასო იქნება, მას აუცილებლად აიღებს”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.