რამდენი სტუდენტი დაზარალდა „აიბი ევროკავკასიურ უნივერსიტეტში“ ?
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ შპს – „აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ შემოწმება დაასრულა. კომისიის დასკვნის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. კომისიის წევრებმა სხვა დარღვევებიც აღმოაჩინეს. თუმცა, საბოლოო დასკვნა 10 დღეში გახმაურდება.
ავტორიზაციის სამმართველოს უფროსის კოტე ჩოკორაიას განცხადებით, განათლების სამინისტროს კომისიის წევრები „აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტს“ 13 თებერვლიდან ამოწმებენ, შემოწმების შედეგად სამედიცინო დაწესებულებას ავტორიზაცია გაუუქმდა. მისი თქმით, „აიბი ევროკავკასიურ უნივერსიტეტს“ ავტორიზაციის ვადა 2014 წლის 5 იანვარს შეუჩერდა და სამედიცინო დაწესებულებამ სასწავლო პროცესი შეწყვიტა. „სანამ „აიბი ევროკავკასიურ უნივერსიტეტს“ ავტორიზაციის ვადა შეუჩერდებოდა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია 2013 წელს ორჯერ, პირველად 9 თვით ადრე, მეორედ კი 5 თვით ადრე, შეატყობინა. გარდა ამისა, ჩვენ წერილობითაც მივმართეთ, რომ თუ მას ახალ სასწავლო წელს სტუდენტების მიღება სურდა, ავტორიზაციის შესახებ ყველა საჭირო დოკუმენტი 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მაინც უნდა წარმოედგინა. თუმცა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ავტორიზაციის მოთხოვნით ცენტრს 19 დეკემბერს მომართა, ხოლო ავტორიზაციისათვის შემოსატანი თანხა – 20 ათასი ლარი 15 იანვარს შემოიტანა. ამ დროს უკვე სამედიცინო დაწესებულება აღარ ფუნქციონირებდა, უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადა 5 იანვარს“ უკვე შეწყვეტილი ჰქონდა“, – აცხადებს კოტე ჩოკორაია. მისი თქმით, „აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ სტუდენტებს პრობლემები შეექმნათ და სხვა უნივერსიტეტებში მობილობის წესით გადასვლის შესაძლებლობაც არ მიეცათ. „ჩვენ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შევხვდით და ვესაუბრეთ კიდეც. წერილიც მივწერეთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დროულად ეცნობებინა სტუდენტებისთვის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ, რათა მათ მობილობა დროულად უნდა უზრუნველეყოთ. სტუდენტების მობილობა 13 თებერვალს დასრულდა. სამწუხაროდ, სასწავლო დაწესებულების ბევრმა სტუდენტმა ვერ მოახერხა მობილობის პრინციპით სხვა სასწავლო დაწესებულებაში გადასვლა. ის სტუდენტები, ვინც 13 თებერვლამდე ვერ შეძლეს სხვა უნივერსიტეტში გადასვლა, ზაფხულის მობილობას უნდა დაელოდონ. სტუდენტები ზაფხულის მობილობით ივლისში ან აგვისტოში ისარგებლებენ“, – აღნიშნა კოტე ჩოკორაიამ.
„კვირა“„აიბი ევროკავკასიური უნივერსიტეტის“ დამფუძნებელს დავით თევზაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. „აიბი ევროკავკასიურ უნივერსიტეტში“ 300 სტუდენტი სწავლობდა, სწავლის საფასური თითოეული სტუდენტისთვის დაახლოებით 3500 ლარი იყო. სტუდენტებმა სასწავლო დაწესებულებაში მხოლოდ პირველი სემესტრი გაიარეს და მათ შესაბამისად 1750 ლარი გადახდილი ჰქონდათ.