კუბო, სუდარა და სამარხი უფასოდ – თბილისის გამგეობები სოციალურად დაუცველების დაკრძალვას უზრუნველყოფენ

ნაძალადევის გამგეობამ 100 ჩასასვენებლის და ამდენივე სუდარის შეძენის თაობაზე იანვარში ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო პირობებში იყო აღნიშნული, კუბოების შეძენა ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და გაჭირვებული გარდაცვლილი მოქალაქეებისთვის ხდება.
„კვირა“ ნაძალადევის გამგეობას დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ტენდერი უკვე ჩატარდა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა. მათი განცხადებით, რაიონის გამგეობამ 2015 წლის იანვარ-თებერვალში სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების თხოვნით მომართა 24-მა მოქალაქემ და ყველა მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილდა.
„სარიტუალო მომსახურებით, სადაც შედის ოჯახისთვის ჩასასვენებლის მიწოდება და სამარხით უზრუნველყოფა, ყველა რაიონის გამგეობა ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს. ნაძალადევის რაიონის გამგეობას 2015 წლის იანვარ-თებერვალში სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების თხოვნით მომართა 24-მა მოქალაქემ და ყველა მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილდა. ჩასასვენებლების შეძენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია შპს „pitt bull”.
მსგავსი ტენდერი გამოაცხადა ყველა რაიონის გამგეობამ. შესყიდვის რაოდენობა 100 ერთეულია, თუმცა გამგეობა კომპანიას დაუკვეთავს იმდენ ერთეულს, რამდენზეც იქნება მოთხოვნა, შესაბამისად, კომპანიას აუნაზღაურდება იმდენი ერთეულის საფასური, რამდენსაც გამგეობა საბოლოოდ შეიძენს. ჩასასვენებლების აღნიშნული რაოდენობა გათვალისწინებულია მთელი წლის განმავლობაში. ამ დროისთვის გამგეობამ 24 ერთეული უკვე გასცა. ტენდერის გამოცხადებისას, 100 ერთეული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 28 000 ლარი, თუმცა შპს „pit bull”-მა შემოგვთავაზა 19890 ლარი და ტენდერში გაიმარჯვა. ამ თანხაში შედის 100 სუდარის ღირებულება და ტრანსპორტირების ხარჯი. თითოეული ერთეულის ფასია – 198,9 ლარი, აქედან ჩასასვენებლის 180 ლარი ღირს, სუდარა – 10, ხოლო ტრანსპორტირება – 8,9 ლარი. სამარხზე ცალკე ტენდერი გამოცხადდა. თითოეული სამარხის ღირებულება 230 ლარია.
რაც შეეხება ჩასასვენებლების რაოდენობას, აღსანიშნავია, რომ სისტემატურად არის მოთხოვნა სოციალურად დაუცველ გარდაცვლილ მოქალაქეთა ოჯახის წევრებისაგან ჩასასვენებლისა და სასაფლაოს მომსახურების ხარჯების დაფარვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაძალადევის რაიონის გამგეობა ყოველწლიურად აცხადებს ტენდერს, ჩასასვენებლის შეძენისა და სამარხზე მომსახურების შესყიდვაზე“, – აცხადებენ გამგეობაში.
მათივე ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში სამარხზე მომსახურების დახმარების თხოვნით გამგეობას 156-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ მომართა, ჩასასვენებლის მოთხოვნით კი – 158-მა.
„უკლებლივ ყველა მოქალაქის თხოვნა დაკმაყოფილდა და, შესაბამისად, გამგეობამ 2014 წელს, 2 ტენდერის საშუალებით 158 ჩასასვენებელი შეიძინა“, – აღნიშნეს გამგეობაში.
„კვირა“ მთაწმინდის რაიონის გამგეობასაც დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ გამგეობა ყოველ წელს აცხადებს ტენდერს სარიტუალო მომსახურეობაზე.
„წელსაც გამოცხადდა ტენდერი. ტენდერი ცხადდება მთელ მომსახურეობაზე: „სასახლე“; ჩასასვენებელი მაცივარი; ჩასასვენებელი მაცივრისა და „სასახლის“ ტრანსპორტირება; კატაფალკა; ავტობუსის ერთჯერადი სატრანსპორტო მომსახურება; სამარხის მომსახურება; ლითონის ფირფიტა; მთაწმინდის რაიონის გამგეობა კრწანისს 2013 წელს გამოეყო და ამ პერიოდიდან ცხადდება ტენდერი“, – აცხადებენ მთაწმინიდის გამგეობის პრესსამსახურში.
მათივე განმარტებით, აღნიშნული სოციალური დახმარების გადაწყვეტილება მიღებულია მოსახლეობის მიერ შემოსული ხშირი განცხადებების საფუძველზე. ამასთან, როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტი ახალი არ არის და ის წინა ხელისუფლების დროსაც ხორციელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები