საქართველოს პრეზიდენტი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს შეხვდა

   სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქართულ-სომხური მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე რელიგიურ-კულტურული ურთიერთობა იყო.
გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, სომხეთის პატრიარქმა, აგრეთვე, მადლიერება გამოხატა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც სომხური ეკლესიის კუთვნილი კულტურული ძეგლების რესტავრაცია დააფინანსა და ამისათვის თანხა საკუთარი „ქართუ“ ფონდიდან გამოყო.
გიორგი მარგველაშვილს სომხეთის პატრიარქმა საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა, ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს ხარების სურათი უსახსოვრა. შეხვედრა ეჩმიაძინის ტაძარში გაიმართა, სადაც ქვეყნის პირველი პირი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა საკათედრო ტაძრის საგანძური, ქრისტიანულ სიწმინდეთა მუზეუმი დაათვალიერა, რომელშიც დაცულია როგორც ბიბლიური რელიკვიები, ისე წმინდანთა ნაწილები.
ეჩმიაძინში გამგზავრებამდე, სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პირველი პირის გაცილების ცერემონია გაიმართა, რომლის დასრულებისთანავე ორი ქვეყნის ლიდერები კიდევ ერთხელ პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე მეორე დღეა ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები