გაფიცული მუშების პრობლემებს სამმხრივი კომისია შეისწავლის
“შრომითი დავების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო არათუ ჩაერევა, არამედ, ეს მისი ვალდებულებაა“, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულებაა კაზრეთსა და ჭიათურაში გაფიცული მუშების პრობლემები შეისწავლოს. როგორც მინისტრმა განაცხადა, კაზრეთსა და ჭიათურაში არსებულ პრობლემების შესასწავლად სამმხრივი კომისია ჩაერთვება. სერგეენკოს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი დეპარტამენტის წარმომადგენლები კაზრეთში იმყოფებოდნენ და ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამმხრივი კომისიის ფორმატით მოხდეს აღნიშნული კოლექტიური დავების გადაწყვეტა.
“შრომითი დავების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო არათუ ჩაერევა, არამედ, ეს მისი ვალდებულებაა. გაწერილია შესაბამის რეგულაცია. პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის თანამშრომლები ჩადიან ადგილზე და პირველ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუ ეს ეტაპი სრულდება უშედეგოდ, შემდგომი არის ოფიციალური მედიატორის გამოყოფა, თუ ესეც წარუმატებლად დამთავრდა, ამოქმედდება სამთავრობო ე.წ. სამმხრივი კომისია. კაზრეთის შემთხვევაში, ისევე როგორც ჭიათურის შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს ფორმატი გააქტიურდება და უკვე სამმხრივი კომისიის ფარგლებში იქნება მოლაპარაკება. ვადასტურებ, რომ ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ამ საკითხების მოგვარებაში. პირობას ვიძლევი, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ კანონის მონიჭებული ვალდებულებები სამინისტრომ შეასრულოს ამ კოლექტიური დავების მოგვარებისას”, – განაცხადა სერგეენკომ. კაზრეთში და ჭიათურაში უკვე რამდენიმე დღეა მუშების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ჭიათურაში აქციის მონაწილეები მეხუთე დღეა “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციიდან იმ დაპირებების შესრულებას ითხოვენ, რომელიც ხელფასების მომატებას და გაცდენილი სამუშაო საათების ანაზღაურებას უკავშირდება. რაც შეეხება კაზრეთში მიმდინარე აქციას, აქციის მონაწილეები სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას აღდგენას და ხელფასების მომატებას მოითხოვენ.