ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია
ვაკე-საბურთალოს რაიონში ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მთლიანობაში, აღნიშნულ რაიონში პარკირების 210 ადგილი გაუქმდება.
ტროტუარებზე პარკირება ეტაპობრივად, სხვა რაიონებშიც აიკრძალება. თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში შესაბამისმა სამსახურებმა ტროტუარებზე პარკირების საკითხი შეისწავლეს, რის შედეგადაც, რამდენიმე ტროტუარზე კრიტიკული მდგომარეობა აღმოჩნდა.
მერიის ინფორმაციით, ავტომანქანების პარკირების შემდეგ, ტროტუარზე აღარ რჩება ადგილი ფეხით მოსიარულეთათვის, რაც მოსახლეობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს. გამომდინარე აქედან, თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იქ, სადაც 3 მეტრზე ნაკლებია ტროტუარის სიგანე, პარკირება აიკრძალოს, რათა ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ.
ამასთან, თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დაინტერესებული ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც ააშენებენ ქალაქში მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს, რათა ტროტუარებზე ეტაპოვრივად პარკირების შეზღუდვამ მძღოლებს დისკომფორტი არ შეუქმნას. იმ შემთხვევაში, თუ გაუქმებულ ადგილებზე კვლავ მოხდება არასწორი პარკირება, მოქალაქეები დაჯარიმდებიან არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.