რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად კოალიცია შეიქმნა
ქალთა პრობლემებსა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციებმა კოალიცია შექმნეს. კოალიცია ”რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისთვის” ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ინიციატივით ჩამოყალიბდა. კოალიციაში 15-მდე ორგანიზაცია არის გაწევრიანებული. პრეზენტაცია და სამოქმედო გეგმის გაჟღერება საინფორმაციო სააგენტო ”პირველის” პრესკლუბში გაიმართა.
”ოჯახის დაგეგმვის სერვისები; კონტრაცეფტივებზე ხელმიუწვდომლობა; უსაფრთხო აბორტი; სელექციური აბორტი; სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფების სტიგმა-დისკრიმინაცია; ახალგაზრდებისა და მოზარდების სწორი რეპროდუქციული ქცევა და მასთან დაკავშირებული ტენდენციების პრევენცია; მოსახლეობის ამ საკითხებზე ინფორმირებულობის დონე – ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოში მწვავე პრობლემად დგას. რეპროდუქციული ჯანმრთელობა ჯერ კიდევ რჩება სფეროდ, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და ბევრი ბარიერის გადალახვა უწევს. კოალიციის მიზანია ადვოკატირება გაუწიოს ისეთ პრობლემურ საკითხებს როგორებიცაა: რეპროდუქციულ ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმიუწვდომლობა, ინფორმირებული არჩევანისა და ჯანმრთელობის მართვის უფლება-შესაძლებლობა”, -აცხადებს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის წარმომადგენელი მაია ჯაფარიძე.
კოალიციის წევრებმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში საკანონმდებლო ბარიერებსა და განათლების სისტემის ხარვეზებზეც ისაუბრეს და მოგვარების მათეულ ხედვა გააცნეს ჟურნალისტებს.
კოალიციაში გაერთიანებულნი არიან სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები; რეგიონული და ადგილობრივი არასამთავრობი ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები, მასმედიისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. კოალიციასა და მის იდეებს მხარს ჭერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
კოალიცია ღიაა თანამშრომლობისთვის და იწვევს ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს კოალიციის მიზნებს და სურს აღნიშნულ საკითხებზე მუშაობისა და ადვოკატირების პროცესში ჩართვა.