ქუთაისში გაუჩინარებული 12 წლის გოგონა ოჯახში დააბრუნეს
ქუთაისში გაუჩინარებული 12 წლის გოგონა მარიამ სულაბერიძე პოლიციამ წუხელ გვიან ღამით სახლში დააბრუნა. მარიამ სულაბერიძის დედის თქმით, მარიამი თავს კარგად გრძნობს, ის უვნებელი და ჯანმრთელია. „კვირას“ ინფორმაციით, მარიამ სულაბერიძე ქუთაისში 34 წლის მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. გოგონას ოჯახის თხოვნის საფუძველზე სამართალდამცველებმა ორივე მათგანის კვალს მიაკვლიეს. არსებული ინფორმაციით, 12 წლის სულაბერიძე ქალაქში თავისუფლად მოძრაობდა. ის უკავშირდებოდა ოჯახს და გათხოვების შესახებ ინფორმაციაც მშობლებს თავად მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ მარიამ სულაბერიძე ქუთაისში 20 თებერვალს გაუჩინარდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა გატაცებული იყო.