მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250 პროცენტით გაიზარდა

მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250 პროცენტით გაიზარდა, ასევე შემუშავებულია მეცნიერულად დასაბუთებული გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს პირველ სხდომაზე გააკეთა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ქვეყნის სამეცნიერო ტრადიციების განვითარების მიმართულებით ძალისხმევას არ დაიშურებს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც ამ მიზნით გადაიდგა.
„უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დახმარებით მოხდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების გრძელვადიანი – ათწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება. ბოლო წლებში ჩვენს მეცნიერებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ დაფინანსება და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე გვაქვს მეცნიერულად დასაბუთებული გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები და, რაც მთავარია, მოვაწესრიგეთ სახელფასო პოლიტიკა ამ სფეროში – მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250 პროცენტით გაიზარდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საბჭოს წევრებმა პირველ სხდომაზე მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით მოკლე და გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელი პროექტები წარადგინეს.
კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი მეცნიერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები