პოლიციელებზე, რომლებიც გაქცეული პატიმრის ბადრაგირებას ახდენდნენ, საქმე აღიძრა – შსს-ს განცხადება

გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის დაკავებასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს.
“შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, გურჯაანის რაიონული სამმართველოს და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დიმა ხაჩიაშვილი პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა ხაჩიაშვილმა გურჯაანში, სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ გელა კ-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიმა ხაჩიაშვილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში სოფელ ველისციხეშივე დააკავეს. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დიმა ხაჩიაშვილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. სამართალდამცველებმა დიმა ხ. ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიება დიმა ხაჩიაშვილის მიმართ პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის ფაქტზე მიმდინარეობს.
ხოლო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების მიმართ, რომლებიც დაკავებულის ბადრაგირებას ახდენდნენ, გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები